გია ვოლსკი - საქართველო არის შუა დერეფანი, ამაზე საუბრობს ჩინეთიც და აშშ-ც, სტაბილურობა ორივე მხარეს აწყობს და ირაკლი კობახიძის სტრატეგიაც ამ სტაბილურობის შენარჩუნებას უკავშირდება
საქართველო არის შუა დერეფანი, ამ შუა დერეფანზე საუბრობს ჩინეთიც და აშშ-ც, სტაბილურობა ორივე მხარეს აწყობს და პრემიერ-მინისტრის სტრატეგიაც სწორედ ამ სტაბილურობის შენარჩუნებას უკავშირდება, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისივე შეფასებით, ირაკლი კობახიძე საუბრობს ურთიერთობების განვითარების აუცილებლობაზე და არა იმაზე, რომ განვითარება არ უნდა მოხდეს.
„პრემიერ-მინისტრი ზუსტ ანალიზს იძლევა შექმნილი ვითარების, რასაც დღეს თვალს ვადევნებთ. დაპირისპირების ხარისხი ძალიან მაღალია, მაგრამ არ შეიძლება, ასე გაგრძელდეს კაცობრიობის არსებობა. მოვა დრო, როდესაც თანამშრომლობას ექნება უპირატესობა. რასაკვირველია, აქ საქართველო არის განსაკუთრებული მნიშვნელობის ქვეყანა, საკვანძო ქვეყანა მაშინ, როდესაც დასავლეთის ბაზრები უნდა დაუკავშირდეს აღმოსავლეთს გაცილებით მეტი რესურსით, ვიდრე ეს ჰქონდათ. საქართველო არის შუა დერეფანი, ამ შუა დერეფანზე საუბრობს ჩინეთიც და ამერიკის შეერთებული შტატებიც. რასაკვირველია, სტაბილურობა ორივე მხარეს აწყობს. პრემიერ-მინისტრის მიერ წარმოდგენილი გეგმაც, სტრატეგიაც სწორედ ამ სტაბილურობის შენარჩუნებას უკავშირდება მთავარი, ძირითადი მიზნის მისაღწევად, რომ აშშ-თანაც ისევე, როგორც ევროპასთან ჰქონდეს თავისუფალი ვაჭრობა, განვითარებული ეკონომიკური ურთიერთობები. მეორე მხრივ, ჩინეთი, როგორც უშველებელი რესურსი, მეორე ეკონომიკა მსოფლიოში, იყოს ასევე ჩართული ამ საერთო გეგმაში, მშვიდობის და თანამშრომლობის შენების ამოცანაში. ამ საკითხთან მიმართებაში პრემიერის ხედვა არის ის, რაც გვაწყობს, უნდა აწყობდეს ყველას, მიუხედავად პოლიტიკური გემოვნებისა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
რაც შეეხება ოპოზიციის შეფასებებს, რომ კობახიძის განცხადებას სტრატეგიულ პარტნიორზე თავდასხმად და საგარეო ვექტორის ცვლილებად მიჩნევენ, ვოლსკიმ აღნიშნა, რომ „ოპოზიცია არ აღიქვამს ამას, როგორც საგარეო ვექტორის ცვლილებას და ზუსტად იცის, რომ ეს არ უგულისხმია პრემიერს“.
„პირიქით, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ჩვენ მონდომებული ვართ, გაცილებით მაღალი ხარისხის ურთიერთობა გვქონდეს აშშ-თან, არც მეტი და არც ნაკლები, ისეთი, როგორიც გვაქვს ევროკავშირთან, დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპასთან. ჩვენი თანამშრომლობა, ჩინეთთან სტრატეგიული ურთიერთობა არ აჭარბებდეს იმ თანამშრომლობას, რომელიც უნდა გვქონდეს აშშ-თან. ჩვენ უნდა ვიფიქროთ აშშ-თან ურთიერთობის განვითარებაზე. კობახიძე საუბრობს განვითარების აუცილებლობაზე და არა იმაზე, რომ განვითარება არ უნდა მოხდეს. ეს იქნებოდა სტრატეგიული საგარეო ვექტორის ცვლილება. იმის ნაცვლად, რომ ოპოზიცია ამ საკითხზე, მთავარ ამოცანაზე მაინც გაერთიანდეს და საქართველოსთან თანამშრომლობისაკენ მოუწოდებდეს ყველას, მათთვის ეს ცარიელი სიტყვები და განცხადებები არის მთავარი. იქნებ ვინმე როგორმე დააჯერონ, რომ საქართველო საგარეო კურსს ცვლის. ოპოზიცია ისე ლაპარაკობს, თითქოს არ არსებობდა პერიოდი, როდესაც ისინი მართავდნენ ქვეყანას, არანაირად არ ერქვა ამას დემოკრატიული ან პროდასავლური მმართველობა. ადამიანების ხოცვა-ჟლეტა და წამება ჩვეულებრივი მოვლენა იყო ქვეყანაში. არც აშშ-თან ურთიერთობის განვითარებაზე უფიქრიათ, საუბარია ეკონომიკურ-პოლიტიკური თუ სხვა ურთიერთობის განვითარებაზე და არა იმაზე, რომ სააკაშვილს, შეიძლება, ვიღაც აქებდა და თავზე ხელს უსვამდა. სხვა არანაირი ურთიერთობა არ ჰქონიათ, ახლა გაცილებით უკეთესი მდგომარეობაა, მაგრამ ჩვენ კიდევ უკეთესი გვინდა“, – აღნიშნა ვოლსკიმ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გუშინ განაცხადა: „ჩვენი მხრიდან არის მაქსიმალური სურვილი, რომ გაღრმავდეს სტრატეგიული პარტნიორობა როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ისე ჩინეთთან“.