გია ვოლსკი - სამინისტროებში სტრუქტურული ცვლილებები საკადრო შემცირებებს არ გამოიწვევს
პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი განმარტავს, რომ სტრუქტურული ცვლილებები სამინისტროებში საკადრო შემცირებებს არ გამოიწვევს.
ეს განცხადება პარტია „ქართული ოცნების“ წევრმა პრემიერ-მინისტრსა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს შორის გამართული კონსულტაციებია დასრულების შემდგომ გააკეთა.
„ოპტიმიზაცია არ იქნება დაკავშირებული საკადრო შემცირებებთან, რაც ალბათ უნდა გაითვალისწინოს იმ ხალხმა, ვინც დღეს მუშაობს და უნდა იყოს მობილიზებული ისევე, როგორც გუშინ”, – განმარტა გია ვოლსკიმ.
მთავრობაში დაგეგმილი რეორგანიზაციის შესახებ „ქართული ოცნების“ ოფისში კონსულტაციები გაიმართა. აღნიშნულ საკითხზე კონსულტაციები ხვალაც გაგრძელდება.
მცირე მთავრობის კონცეფციის თანახმად, რომელიც პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, დაახლოებით სამ კვირაში მომზადდება, სტრუქტურული ცვლილებები განხორციელდება და სამინისტროების რაოდენობა 14-დან 11-მდე შემცირდება.