გია ვოლსკი - სამართლიანი განხილვის პირობებში, საქართველოსთან დაკავშირებით უკრაინის პოლიტიკურად ანგაჟირებულ პოზიციას მხარდაჭერა არ ექნება
პრაქტიკულად, საკითხი არ არსებობს, სადაც უკრაინის პოზიციას, სულ მცირე, არ აქვს საკმაოდ სერიოზული, ფართო განხილვა და რასაკვირველია, მათ მოსაზრებასაც ანგარიშს უწევენ, ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რომელმაც უპასუხა კითხვას, ექნება თუ არა გავლენა უკრაინას საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების საკითხზე.
გია ვოლსკის თქმით, საქართველო ყველა მონაცემით უსწრებს უკრაინას და მოლდოვას.
ამასთან, როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, სამართლიანი განხილვის პირობებში უკრაინის პოლიტიკურად ანგაჟირებულ პოზიციას მხარდაჭერა არ ექნება.
„ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა თქვა, რომ უკრაინელები იღუპებიან ევროპისთვის. ეს არის თემა, რომელიც მუდმივად მუსირებს ბრიუსელში, ამ სტრუქტურებში. საქართველოს ყველა მონაცემით აქვს უკეთესი პოზიცია, ვიდრე უკრაინას, მოლდოვას და ბევრ სხვა ქვეყანას, მათ შორის ევროკავშირის წევრ ქვეყნებს. უკეთესი მონაცემები აქვს მთელი რიგი მიმართულებით, იქნება ეს მართლმსაჯულება, კორუფციის დამარცხების საკითხი თუ ინსტიტუტები და მთავრობის გამჭვირვალეობა, კრიმინალთან ბრძოლა, გენდერული თანასწორობის საკითხები. სამართლიანი განხილვის პირობებში უკრაინის პოლიტიკურად ანგაჟირებულ პოზიციას შესაბამისი გამოძახილი და მხარდაჭერა არ ექნება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
კიდევ ერთ კითხვაზე, დააფიქსირებს თუ არა უკრაინა საქართველოს სტატუსის მინიჭების საკითხზე ნეგატიურ პოზიციას, ვოლსკიმ აღნიშნა:
„ნეგატიური პოზიცია უკვე დააფიქსირა. უკრაინის პოლიტიკური ისტებლიშმენტის და „ნაცმოძრაობის“ ყოფილი და ახლანდელი წევრების გაერთიანებული ორგანიზაცია მოქმედებს საქართველოს წინააღმდეგ იმ მოტივით, რომ როგორმე დესტაბილიზაციის პროცესი განვითარდეს. ამას არასდროს მალავდნენ და არც ახლა მალევენ. ხელისუფლების შეცვლა, მეორე ფრონტის გახსნა და პროცესების ისე განვითარება, რომელიც მნიშვნელოვნად დააზიანებს საქართველოს ინტერესებს, მათ შორის სამხედრო თუ ეკონომიკური დაპირისპირება რუსეთთან, არის მექანიზმები, რომლებსაც ლობირებენ გარკვეული პოლიტიკური ძალები, სამწუხაროდ, უკრაინაშიც“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.