გია ვოლსკი - საკვირველია, ანუ, კარპენტერი მოგვიწოდებს, რომ უკანონობა ჩავიდინოთ, სასამართლოზე მოვახდინოთ ზეწოლა, რათა მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, როგორიც მას წარმოუდგენია საუკეთესო გამოსავლად
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის შეფასებით, მაიკლ კარპენტერის განცხადება გიორგი რურუასთან დაკავშირებით ნიშნავს მოწოდებას უკანონობაზე და სასამართლოზე ზეწოლასთან დაკავშირებით.
ვოლსკი გამოეხმაურა აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატის, ჯო ბაიდენის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მრჩეველისა და ბაიდენის ცენტრის დირექტორის მაიკლ კარპენტერი განცხადებას, რომლის მიხედვითაც, „ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი რურუას გათავისუფლება საფუძვლიანი მოთხოვნაა და ის უნდა გაათავისუფლონ“.
„ოპოზიციის ლიდერს თავის თავს თავად რურუა არ უწოდებს. ეს თემა საკვირველია, ანუ, კარპენტერი მოგვიწოდებს, რომ უკანონობა ჩავიდინოთ და სასამართლოზე მოვახდინოთ ზეწოლა, რათა მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, როგორც კარპენტერს წარმოუდგენია საუკეთესო გამოსავლად, ეს ქვეყანას არ აწყობს, ეს ქვეყნისთვის არ იქნება სწორი.
მეორე მხრივ, სასამართლო არ მიიღებს გადაწყვეტილებას აქედან რომ მოუწოდო და ვინც გინდა უთხრას, სასამართლო არ მიიღებს გადაწყვეტილებას, რადგან ეს არ არის ერთი და ორი დღის საქმე, ეს ისტორია გრძელდება. ადრე თუ გვიან, ღმერთმა დიდხანს გვაცოცხლოს, მაგრამ ცხოვრება უნდა გავიაროთ ისეთი, რომ ბოლოში რომ მიხვალ, არ გქონდეს დამაზიანებელი ხინჯები. ისედაც ბევრი დავაგროვეთ. არც მოსამართლე და არც პროკურორი ამ თემას არ გაითავისებენ და პოზიტიურად არ განიხილავენ. ეს არის შიდაპოლიტიკის საკითხი, სადღაც მორალის თემაც არის“,- განაცხადა ვოლსკიმ.