გია ვოლსკი - სახლში უნდა დარჩეთ, ეს არ არის ცოდვა, მონანიება ყველა ცოდვის შეიძლება იმის გარდა, რასაც სახელმწიფოს ფუნდამენტის დანგრევა, ეკლესიისთვის ზარალის მიყენება ჰქვია
გია ვოლსკი - სახლში უნდა დარჩეთ, ეს არ არის ცოდვა, მონანიება ყველა ცოდვის შეიძლება იმის გარდა, რასაც სახელმწიფოს ფუნდამენტის დანგრევა, ეკლესიისთვის ზარალის მიყენება ჰქვია

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, ძალიან ბევრს აქვს სურვილი, ე.წ. ეკლესიის კლასტერი შეიქმნას და ეს ხალხმა არ უნდა დაუშვას, რადგან ეკლესია, სარწმუნოება ერთ-ერთი მთავარი ფუნდამენტია, რაზედაც სახელმწიფო დგას.

ვოლსკი აღნიშნავს, რომ საზოგადოებამ ეკლესია და ქვეყნის ხვალინდელი დღე უნდა გადაარჩინოს.

„პოლიტიკურ შეხედულებებს, ცალკეული პირების შეხედულებებს, თუნდაც, სასულიერო პირები იქნებიან თუ სამოქალაქო, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, თუ არ გავითვალისწინებთ მთავარ თემას – ეკლესია და ჩვენი ხვალინდელი დღე უნდა გადავარჩინოთ. ლაპარაკი მხოლოდ ჯანმრთელობაზე არ არის, საუბარია იმაზე, იარსებებს თუ არა ქვეყანა, სახელმწიფო და დაინგრევა თუ არა მხოლოდ ჯანმრთელობის მკვეთრი პრობლემების გამო, არამედ ეკონომიკური პრობლემების გამო. ეს არის რეალობა, რომელსაც თვალი გაუსწორა საპატრიარქომ და მოუწოდებს ყველას – ეკლესია არ დაიხურება, მაგრამ ხალხმა უნდა გაითავისოს მთავარი რამე – ძალიან ბევრს აქვს სურვილი, ე.წ. ეკლესიის კლასტერი შეიქმნას და ეს არ უნდა დავუშვათ, რადგან ეკლესია, სარწმუნოება ერთ-ერთი მთავარი ფუნდამენტია, რაზედაც სახელმწიფო დგას.

გარდა ამისა, სამეცნიერო კვლევებზე დაფუძნებული მოსაზრება არსებობს, რომელსაც სამოქალაქო ხელისუფლება და სასულიერო იერარქია იზიარებენ. გამორიცხულია, არ შეიძლება და არ უნდა დავუშვათ ის, რომ ლიტურგიის მიზეზით, ეკლესიის მიზეზი და იმ მიზეზით, ვინც შეიკრიბება ეკლესიის გარშემო, ან ეკლესიაში, რომ დაავადების გავრცელება მოხდეს. ეს სახელმწიფომ არ უნდა დაუშვას. სახელმწიფოს შემადგენელი ნაწილია ყველა მორწმუნე, ვინც დღეს ამ ვითარებას ადევნებს თვალყურს. ის გადაწყვეტილებაც აქედან გამომდინარეობს, რაც მთავრობამ საპატრიარქოს შესთავაზა და რა გადაწყვეტილებაც მიიღო საპატრიარქომ. ყველას მოუწოდებს, ვისაც ოდნავ მაინც აქვს განცდა იმის, რომ შეიძლება არა მხოლოდ თავისი თავი, არამედ სასულიერო პირები, ოჯახის წევრები დააზიანოს, სახლში უნდა დარჩეს და ეს არ არის ცოდვა. მონანიება ყველა ცოდვის შეიძლება იმის გარდა, რასაც სახელმწიფოს ფუნდამენტის დანგრევა ჰქვია, მათ შორის ეკლესიისთვის ზარალის მიყენება“, – განაცხადა ვოლსკიმ.