გია ვოლსკი - სახელმწიფო ვალდებულია, გამჭვირვალე არჩევნები ჩაატაროს, გაყალბების საშუალება არავის არ უნდა ჰქონდეს
ცესკო-მ აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რომ ის ადამიანები დაფიქსირდნენ, რომლებსაც არ შეუძლიათ, საარჩევნო უბანზე მივიდნენ და ხმა მისცენ, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, გადასატანი ყუთი რომელიმე კონკრეტულ პარტიას არ დააქვს, არამედ ამისთვის წარმომადგერნლობითი გუნდი უნდა იყოს მობილიზებული. ამასთან, როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, სახელმწიფოს ვალდებულებაა, არჩევნების გამჭვირვალედ ჩატარება და მმართველ პარტიას არჩევნების გაყალბების ინტერესი არ აქვს.
„რასაკვირველია, გადასატანი ყუთით მისასვლელი ადგილები გაიზრდება, მაგრამ გადასატანი ყუთი რომელიმე კონკრეტულ პარტიას არ დააქვს, წარმომადგენლობითი გუნდი უნდა იყოს და ყველამ კეთილი უნდა ინებოს, მოქალაქეებს საშუალება მისცენ, საკუთარი კონსტიტუციური მოვალეობა შეასრულონ.
29-30 ოქტომბერს დაფიქსირებულ მოქალაქეს შესაძლოა, დარეგისტრირების საშუალება არ ჰქონდეს, მაგრამ ეს არის დღევანდელი პანდემიის მოცემულობა, რაც არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოშია.
მმართველ პარტიას რა ინტერესი უნდა ჰქონდეს, არჩევნები გააყალბოს? არჩევნების გადადებას ვინ ითხოვს და ვის უნდა, რევოლუციური სცენარით პროცესების განვითარება აშკარაა. სახელმწიფოს ვალდებულება აქვს, გამჭვირვალე არჩევნები ჩაატაროს და არავის უნდა ჰქონდეს საშუალება, არჩევნები არათუ გააყალბოს, არამედ ეჭვი შეიტანოს არჩევნების გამჭვირვალეობასა და სამართლიანობაში“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის ცესკო-მ არჩევნებში ჩართულ მხარეებთან ერთად სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებში, კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებისთვის ხმის მიცემის წესები შეიმუშავა.
ცესკო-ს ინფორმაციით, აღნიშნულ პირებს განთავსების ადგილის მიხედვით სპეციალური ჯგუფები მოემსახურებიან. საარჩევნო ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ თვითიზოლაციაში მყოფმა ამომრჩევლებმა, რომლებიც შესაბამისი უწყების მონაცემთა ბაზაში ოფიციალურად არიან დაფიქსირებული, არჩევნებში მონაწილეობის მიზნით გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნით 24-დან 26 ოქტომბრის ჩათვლით, 10:00-დან 22:00 საათამდე უნდა მიმართონ ცესკო-ს სატელეფონო/საინფორმაციო ცენტრს: 2 51 00 51 (0).