გია ვოლსკი - სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ტერორიზმის კუთხით საქართველოში გატარებულ ღონისძიებებზე საუბარი არის საჭირო და დროული
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით საქართველოს მიერ განხორციელებული ღონისძიებებზე საუბარი არის ძალიან საჭირო, დროული და, რაც მთავარია, ობიექტური, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, სახელმწიფო დეპარტამენტს საქმიანად აქვს შეფასებული საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მუშაობა.
„ძალიან ბევრისთვის არ იქნება კარგი ახალი ამბავი, ჩვენი ოპონენტები მყავს მხედველობაში, თუ რაოდენ მაღალ დონეზე და საქმიანად არის შეფასებული ჩვენი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში. სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარში ჩვენთვის, ჩვენი საზოგადოებისათვის, ამდენი გამოწვევის მქონე ქვეყნისთვის, უნდა იყოს დამაიმედებელიც და ასევე იმედის მომცემიც გარკვეულ ფსიქოლოგიურ ვითარებაში, რომელსაც ქმნის ხშირ შემთხვევაში ისეთი გამოწვევები როგორიც არის ოკუპაცია. ეს შეფასება არის ძალიან საჭირო, დროული და, რაც მთავარია, ობიექტური“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ტერორიზმის შესახებ 2018 წლის ანგარიში გამოაქვეყნა.
ყოველწლიურ ანგარიშში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანასთან ერთად, შეფასებულია საქართველოს მიერ განხორციელებული ღონისძიებები ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით.
როგორც შსს-ში აცხადებენ, ტერორიზმთან ბრძოლის კუთხით საზღვრის უსაფრთხოებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების ღონისძიებები აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დადებითად შეაფასა.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებით, ძირითადად, საქართველოს შეუძლია, გამოავლინოს, შეაკავოს და პასუხი გასცეს ტერორიზმის ინციდენტებს.