გია ვოლსკი - საფუძველი გვაქვს ვიფიქროთ, რომ რევოლუციური განწყობების შექმნა ჩვენი ოპონენტების დღის წესრიგში კვლავ რჩება
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, ოპოზიციამ „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით წარმართულ დისკუსიაში საკუთარი თავის სრული ლუსტრაცია მოახდინა.
როგორც ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, კანონს აქვს როგორც სამართლებრივი, ასევე პოლიტიკური შემადგენელი.
„სამართლებრივ ნაწილზე შეიძლება ითქვას, რომ ყველა ზომა, რომლის გატარების უფლებას პარლამენტი აძლევს მთავრობას, თანაზომადია იმ რეალური საშიშროების, რაც მთელ მსოფლიოში ბობოქრობს, საქართველოში საკმაოდ მძლავრად არის გავრცელებული და რამდენიმე დასახლებული პუნქტი არის საგანგებო რეჟიმში. ეს ყველაფერი კარგად იციან, ჯანმრთელობის დაცვის საკითხებში პროფესიონალიზმიც არ აკლიათ, მაგრამ არის კიდევ პოლიტიკური ასპექტი, რომელიც პრაქტიკულად იმას გულისხმობს, რომ თუ ასეთი ზომების გატარება არ მოხდება, მთავრობა იძულებული იქნება, პარლამენტში წინადადებით შემოვიდეს, კონკრეტულ რეგიონსა და დასახლებაში საგანგებო ვითარება დაწესდეს. ეს პარლამენტს საშუალებას არ მისცემს, იმსჯელოს საკონსტიტუციო ცვლილებებზე. ეს ის რეალობაა, რაზედაც ხშირად ვლაპარაკობთ. თითქოს, დაუჯერებელი ვითარებაა შექმნილი, მაგრამ თუნდაც მათი უზრდელობის, ხეპრული გამონათქვამების წყებას დააკვირდით. მათი მსგავსი დამოკიდებულება იწვევს ოპონენტს, რომ შევიდეს უფრო მწვავე დაპირისპირებაში, თუნდაც, პიროვნულში. ყველაფერი რაც ხდება, საფუძველს იძლევა ვიფიქროთ, რომ დესტრუქცია, რევოლუციური განწყობების შექმნა ჩვენი ოპონენტების დღის წესრიგში კვლავ რჩება. როგორ შეიძლება, პარლამენტის უფლებების და როლის დაკნინებაზე საუბარი, როცა თავად პარლამენტი ანიჭებს გარკვეულ უფლებამოსილებას მთავრობას? მთავრობაც ვალდებულია, რასაც აკეთებს და ოპოზიციის პოზიციით ვერ აკეთებს, პარლამენტში მოვიდეს და კითხვებს პასუხები გასცეს“, – განაცხადა ვოლსკიმ.