გია ვოლსკი - საჭიროების შემთხვევაში საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ნებისმიერი ადამიანი იქნება დაბარებული
პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, თუ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმეზე შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისია დაადგენს, რომ რაიმე დარღვევა და გადაცდომა არსებობს, არავინ არავის ხელს არ დააფარებს.
როგორც ჟურნალისტებს ვოლსკიმ განუცხადა, დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დაბარებული ხალხის სია გაცილებით უფრო გრძელი იქნება.
„ველოდები, რომ შეფასება კომპლექსური იქნება. დაწყებული საგანმანათლებლო სისტემიდან დამთავრებული საგამოძიებო სისტემით. საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერი ადამიანი იქნება გამოძახებული და მის დონეს მნიშვნელობა არ აქვს. მგონია, რომ დაბარებული ხალხის სია გაცილებით უფრო გრძელი იქნება. საზოგადოებას სიწყნარე მართებს და სიმართლის დადგენას უნდა დაველოდოთ. თუკი რაიმე დარღვევა და გადაცდომა არსებობს, არავინ არავის ხელს არ დააფარებს“, – დასძინა ვოლსკიმ.
საკანონმდებლო ორგანო დროებით საგამოძიებო კომისიას ოფიციალურად ხვალინდელ რიგგარეშე სხდომაზე შექმნის.
პოლიტიკურ ძალებს შორის კვოტები უკვე გადანაწილებულია, კომისიის შემადგენლობაში კი ვინ იქნება წარმოდგენილი, ეს დღეს გახდება ცნობილი.