გია ვოლსკი - მე-18 სამედიცინო დაწესებულება მაღალი დონის ორგანიზაციაა, რომელსაც ემსახურებიან ექიმთა, სპეციალისტთა ბრიგადები და არა პატიმრები, სანიტრები, რასაც აცხადებენ ჩვენი ოპონენტები
პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ დადებითად შეაფასა იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის დღევანდელი განცხადება, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ექიმების ჯგუფი ყოველდღიურად გააკეთებს განმარტებებს.
მისივე თქმით, მეთვრამეტე სამედიცინო დაწესებულება მრავალფუნქციური მაღალი დონის ორგანიზაციაა.
„ეს თემა ორ ნაწილად უნდა გავყოთ. ერთი ჯანმრთელობის თემაა, მეორე კი ის გეგმები, რაც სააკაშვილმა ოპოზიციის გარკვეულ ნაწილს უკარნახა, რომ „გამომიხსენით“. რასაკვირველია, ოპოზიციაც ამას აკეთებს, ყოველდღიურად ამის შესახებ აცხადებს და მოქმედებებიც ზუსტად ისეთი აქვს, რა ინსტრუქციაც მიიღეს. რაც შეეხება ჯანმრთელობის საკითხს, რასაკვირველია, ყოველდღიურად უნდა გაკეთდეს განცხადებები მისი ჯანმრთელობისა და ყველა მაჩვენებლის შესახებ. რაც მთავარია, მეთვრამეტე სამედიცინო დაწესებულება მრავალფუნქციური მაღალი დონის ორგანიზაციაა, რომელსაც ემსახურებიან ექიმთა, სპეციალისტთა ბრიგადები და არა პატიმრები, სანიტრები, რასაც აცხადებენ ჩვენი ოპონენტები. რის მკვლელობა და რომელი ჯანმრთელობის გაუარესება, არარეალურია და ეს ხალხსაც კარგად ესმის“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
სააკაშვილთან დაკავშირებით საუბრისას გია ვოლსკიმ ასევე აღნიშნა, რომ როდესაც ქვეყანაში ვინმეს შემოსვლაზე უარს ეუბნებიან, ამას თავისი საფუძველი აქვს. ვოლსკის განმარტებით, ამ შემთხვევაში ადამიანი ქვეყანაში მოდის არა თავისი მოვალეობის შესასრულებლად, არამედ დესტაბილიზაციის პროცესის გასაღვივებლად.
„ადამიანი, რომელიც ქვეყანაში შემოდის, თუნდაც ჟურნალისტი გორდონი და როდესაც მათ შემოსვლაზე უარს ეუბნებიან, ეს განპირობებულია ერთი მთავარი ნიშნით – თავისი მოვალეობის შესასრულებლად კი არ მოდიან, არამედ იმისთვის, რომ დესტაბილიზაციის პროცესი როგორმე გააღვივონ, განავითარონ და დამატებითი „საწვავი“ შესძინონ დესტაბილიზაციის მცდელობებს, რაც „ნაცმოძრაობას“ და პირადად სააკაშვილს აქვს“, – აღნიშნა ვოლსკიმ.