რატი ბრეგაძე - სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ექიმების ჯგუფი ყოველდღიურად გააკეთებს განმარტებებს, ამით ერთხელ და სამუდამოდ დაესმება წერტილი ყველა დეზინფორმაციული ხასიათის ინფორმაციის გავრცელებას
რატი ბრეგაძე - სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ექიმების ჯგუფი ყოველდღიურად გააკეთებს განმარტებებს, ამით ერთხელ და სამუდამოდ დაესმება წერტილი ყველა დეზინფორმაციული ხასიათის ინფორმაციის გავრცელებას

სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ექიმების ჯგუფი ყოველდღიურ რეჟიმში გააკეთებს განმარტებებს, ამით ერთხელ და სამუდამოდ დაესმება წერტილი ყველა დეზინფორმაციული ხასიათის ინფორმაციის გავრცელებას, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ იუსტიციის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, პენიტენციურმა სისტემამ ჯანდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით მოიწვია ექიმების დამატებითი ჯგუფები, რომლებიც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მუდმივ მონიტორინგს ახორციელებს და მას სათანადო სამედიცინო მომსახურებას უწევს.

„პატიმარ სააკაშვილთან და მის ჯანმრთლობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, არსებული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მსურს, კიდევ ერთხელ გამოვეხმაურო და მკაფიოდ განვმარტო, რა პირობებში იხდის სასჯელს მსჯავრდებული. პირველ რიგში, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ სააკაშვილის დაკავებისა და პენიტენციურ სისტემაში მოხვედრის მომენტიდან არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა, რომ რაიმე ტიპის სამედიცინო მომსახურება ესაჭიროებოდა და პენიტენციურმა სამსახურმა ამ მომსახურების მიწოდება ვერ უზრუნველყო. მისი ყველა სამედიცინო საჭიროება არის დაკმაყოფილებული.

ამასთანავე, მსურს, კიდევ ერთხელ ხაზგასმით განვაცხადო, რომ სააკაშვილის ჯანმრთლობის მდგომარეობის შეფასებისა და მისი მოსალოდნელი გაუარესების თავიდან არიდების მიზნით, სახელმწიფომ მსჯავრებული რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანა. შესაბამისად, მისი დაცულობის ხარისხი სამედიცინო თვალსაზრისითაც ბევრად მაღალია“, – განაცხადა ბრეგაძემ.

მინისტრის თქმით, აღნიშნულ სამკურნალო დაწესებულებას სრული ინფრასტრუქტურული თუ საკადრო რესურსი გააჩნია, რათა სახელმწიფომ უზრუნველყოს როგორც მოშიმშილე პატიმრის ჯანმრთლობის მდგომარეობის ეფექტიანი კონტროლი, ისე შიმშილობის შემდგომი პერიოდის რეაბილიტაცია.

„ამის გარდა, ჯანდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით პენიტენციურმა სისტემამ მოიწვია ექიმების დამატებითი ჯგუფები, რომლებიც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მუდმივ მონიტორინგს ახორციელებს და მას სათანადო სამედიცინო მომსახურებას უწევს.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის და იმის გათვალისწინებით, რომ სააკაშვილის ჯანმრთლობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ყოველდღიურად მიზანმიმართულად ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, ექიმების ჯგუფი ყოველდღიურ რეჟიმში გააკეთებს განმარტებებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით და მიაწვდის საზოგადოებას ამომწურავ ინფორმაციას და ამით ერთხელ და სამუდამოდ დაესმება წერტილი ყველა დეზინფორმაციული ხასიათის ინფორმაციის გავრცელებას.

ხაზგასმით ვაცხადებ, რომ პენიტენციური სისტემა გადაწყვეტილებებს, პირველ რიგში, პატიმრების, მათ შორის სააკაშვილის ჯანმრთელობის და უსაფრთხოებიდან გამომდინარე იღებს. გლდანის მე-18 დაწესებულებაში კი, ერთიც და მეორეც უმაღლეს დონეზე არის დაცული.

ყველას მოვუწოდებ, თავი შეიკავონ დეზინფორმაციული ხასიათის ინფორმაციის გავრცელებისგან, ვინაიდან ეს არის ძალიან მავნებელი და აქვე, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ პატიმარს შიმშილობის შეწყვეტისკენ“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ამასთან, მისივე თქმით, არაერთი დეზინფორმაცია გავრცელდა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით და პენიტენციური სამსახური პასუხს გასცემს ყველას, ვინც ტყუილს ავრცელებს.

„არაერთი დეზინფორმაცია ვიხილეთ და პენიტენციური სამსახური მუდმივ რეჟიმში პასუხს სცემს აბსოლუტურად ყველას, ვინც ავრცელებს ტყუილს და რატომ. რადგან ჩვენი მთავარი მიზანია და ამაში დაინტერესებული ვართ სწორედ ჩვენ, რომ პატიმრის ჯანმრთლობის მდგომარეობა იყოს სტაბილური და ასევე საზოგადოება იყოს სწორად ინფორმირებული. ეს არის ჩვენი მიზანი. ბუნებრივია, როცა იქნება დეზინფორმაცია, ამას აუცილებლად გავცემთ პასუხს. აქ ასევე შევლენ პარლამენტის წევრებიც, შეისწავლიან დაწესებულების ირგვლივ არსებულ ვითარებას და დაწესებულებაში არსებულ სიტუაციას და ბუნებრივია, ყველა შეკითხვას გაეცემა პასუხი. ჩვენ უკვე პროაქტიულ რეჟიმში მივაწვდით საზოგადოებას ინფორმაციას მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და იმავე სამკურნალო დაწესებულებაში არსებული სიტუაციის შესახებ, რათა საზოგადოებისთვის ერთხელ და სამუდამოდ გახდეს ცხადი ის სიტუაცია, რომელიც გვაქვს მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში. ეს დაწესებულება არის იზოლირებული და აქ მუშაობს ჩვენი შესაბამისი სამსახური, რომელიც ზრუნავს პატიმარ სააკაშვილის უსაფრთხოების მდგომარეობისთვის“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.