გია ვოლსკი - რუსეთს თავისი ინტერესი აქვს, არ ფიქრობს, რა გაუხარდებათ საქართველოს ან ჩვენს თანამემამულეებს, ჩვენ ყველა ვითარებაში უნდა ვეცადოთ, დივიდენდი მივიღოთ
რუსეთს გარკვეული ინტერესი გააჩნია და არანაირად არ ფიქრობს, რა გაუხარდება საქართველოს ან ჩვენს თანამემამულეებს, მას თავისი პრაგმატული დამოკიდებულება აქვს საკითხის მიმართ, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ რუსეთის მიერ უვიზო რეჟიმის დაწესებისა და ფრენების აღდგენის შესახებ საუბრისას განაცხადა.
ვოლსკის თქმით, საქართველო ყველა ვითარებაში უნდა ეცადოს, რომ დივიდენდი მიიღოს.
„დღეს საქართველოში ძალიან უცნაური რამ ხდება. ასეთი გააფთრებული შეტევა გარკვეულ გადაწყვეტილებებთან მიმართებაში მხოლოდ იმ მიზნით, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს, ასეთი მაგალითი არსად არ გვაქვს. მაგალითად, უკრაინას არც შიგნით და არც გარეთ არავინ საყვედურობს იმის გამო, რომ თავის ტერიტორიაზე გატარებული გაზის რაოდენობა რუსეთიდან ევროპისკენ საკმაოდ დიდი მოცულობის არის, ხუთი დღის მოცულობა შეადგენს მთელი ჩვენი საქონელბრუნვის მაჩვენებელს, რაც რუსეთთან წლის განმავლობაში გვაქვს. ყველამ იცის, რომ ეს უკრაინას სჭირდება და სერიოზულ დივიდენდს იღებს. ევროპასაც სჭირდება, მაგრამ რუსეთის ფედერაცია ამით მნიშვნელოვნად სარგებლობს და ხუთ დღეში ბიუჯეტში 2,5 მილიარდ დოლარს აგროვებს. არავინ საყვედურობს ისრაელს, ამერიკის უახლოეს პარტნიორს, რომ ყოველდღიური ფრენები აქვს. ჩვენ ეს თემა ჩვენი რაკურსიდან და ჩვენი ინტერესების პლატფორმიდან უნდა განვიხილოთ. ეს არის თანამემამულეთა ხელშეწყობა, ვინაიდან ასიათასობით ქართველი ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში, ჰყავთ ნათესავები და არ არის ყველა იმ პოლიტიკურ პოზიციაზე, რასაც რუსეთის ხელისუფლება ქადაგებს. ჩვენი თანამემამულეები არიან და მათი დაკარგვა არ შეიძლება. ცუდი არაფერია იმაში, თუ ხელს შევუწყობთ, უფრო ადვილი კავშირი ჰქონდეს საქართველოსთან.
რაც შეეხება რუსეთის ჩანაფიქრს, მას გარკვეული ინტერესი, პრაგმატული დამოკიდებულება აქვს და არანაირად არ ფიქრობს, რა გაუხარდებათ საქართველოს ან ჩვენს თანამემამულეებს. ევროპის თემასთან შეჯიბრი, ევროპის დამოკიდებულებასთან თავისი დამოკიდებულების გაჯიბრება უფრო დიდ მასშტაბში გადადის. დაპირისპირების პრაგმატულობა, გულცივობა და დაძაბულობა გაცილებით უფრო დიდი მასშტაბისაა. ჩვენ ყველა ვითარებაში უნდა ვეცადოთ, დივიდენდი ჩვენთვის მივიღოთ. ადამიანები გვკარნახობენ, რუსეთის მეშვეობით ჩვენს თავს სანქციები დავუწესოთ, რაც არასწორია“, – განაცხადა ვოლსკიმ.
როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, სანქციის დაწესება მას შემდეგ, რაც რუსეთმა სანქცია მოგვიხსნა, არის საკუთარ თავზე ისეთი ზიანის მიყენება, რომელსაც საზოგადოება არ აპატიებთ. მისივე თქმით, ამ შემთხვევაში გონიერება მართებს ევროკავშირსაც.
„არ არსებობს ქვეყანა, რომელიც თავის ინტერესებით არ მოქმედებს. რუსეთის მიერ ამ პოზიტივის დემონსტრირება, მნიშვნელოვანწილად შესაძლოა და უნდა დაუშვათ თავიდანვე, რომ მის ინტერესებს ემსახურება. მისი ინტერესი, ჭიდილი ევროკავშირთან, დასავლურ სტრუქტურებთან არის მუდმივი და სულ იქნება. აქედან გამომდინარე, საწყენი არავისთვის არის კამათი, რაც შეიძლება, ამ თემას მოჰყვეს ოპოზიციას და მმართველ გუნდს შორის. ვფიქრობ, დამაზიანებელი იქნება, თუკი ჩვენ სარკისებურად გადმოვიტანთ წინადადებებს, რასაც „ნაცმოძრაობა“ გვთავაზობს, დავუწესოთ სანქცია. სანქციის დაწესება მას შემდეგ, რაც რუსეთმა სანქცია მოგვიხსნა, ეს არის საკუთარი თავისთვის ისეთი ზიანის მიყენება, რომელსაც საზოგადოება არ გაპატიებს და სწორადაც მოიქცევა. ამ შემთხვევაში გონიერება მართებს ევროკავშირსაც, რადგან, კონიუნქტურიდან გამომდინარე, ევროკავშირს შესაძლოა, ჰქონდეს საჭიროება, რომ საქართველოს წინსვლა შეაფერხოს, გარკვეული მოსაზრებებია ამასთან დაკავშირებით, ეს მიზეზი მოიყვანოს, რომ იმან სანქცია მოუხსნა ქართველებს და ამით ჩვენს თანამემამულეებს მისცა შესაძლებლობა, იმოძრაონ გაცილებით ნაკლები ხარჯით და ადამიანური უფლებების რეალიზება მოახდინონ, ეს იქნება უსამართლობა. ჩვენ არ შეიძლება, ევროკავშირისგან უსამართლობის მოლოდინში ისეთი რამეები ვაკეთოთ, რაც საკუთარ თავს ზიანს მოუტანს, თვითდაზიანებას ხომ ვერ მივიყენებთ“, – განაცხადა ვოლსკიმ.