გია ვოლსკი - რუსეთის სტრატეგიაა, შეინარჩუნოს მუდმივი დაძაბულობა და დაპირისპირება საქართველოში
რუსეთის სტრატეგია არის, შეინარჩუნოს მუდმივი დაძაბულობა და დაპირისპირება საქართველოში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ სოფელ ატოცში განვითარებულ პროცესებზე კომენტირებისას განაცხადა.
მისივე თქმით, დღეს არსებული ვითარება „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების მიერ დატოვებული მემკვიდრეობაა.
„რასაკვირველია, რუსეთს ძალიან ადვილად და სწრაფად შეეძლო, 2008 წლიდან მოყოლებული ოკუპაციის შემდეგ, მთლიანად მოექცია ბორდერის ქვეშ მთელი ეს ხაზი, რომელიც ჩამოაყალიბა 2007 წლის მაისის ბრძანებულების მიხედვით მიხეილ სააკაშვილმა, როგორც სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი. როგორც დამპყრობელი ტერიტორია, ეს მისთვის არ წარმოადგენდა არანაირ სიძნელეს. 11 წლის განმავლობაში შეეძლო, ეს გაეკეთებინა, მაგრამ მისი პოლიტიკა, სტრატეგია არის, შეინარჩუნოს მუდმივი დაძაბულობა და დაპირისპირება საქართველოში, მათ შორის პოლიტიკურ ჯგუფებს შორის და რასაკვირველია, იმ წუთში გამოჩნდება „ნაცმოძრაობისა“ და მისი მხარდამჭერების სახით, ის ადამიანები, რომლებიც სწორედ ამ პოლიტიკას უწყობენ ხელს, თითქოსდა, თავისივე დანაშაული არ იყოს ჩადენილი, რომ დღეს ასეთ დღეში ვართ და რუსეთი ბოგინებს ამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე და აშენებს საოკუპაციო ბაზებს. ეს არის რეალობა, რასაც ჩვენ თვალი უნდა გავუსწოროთ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა მსოფლიო მუდმივად იყოს საქმის კურსში, რუსეთი მუდმივად იყოს პრესის ქვეშ და ის ხალხი, ვინც ცხოვრობს საოკუპაციო ხაზთან, იყოს სახელმწიფოსაგან განსაკუთრებული მზრუნველობის ქვეშ. აი, ეს არის რეალობა, რაშიც დღეს გვაცხოვრებს ის მემკვიდრეობა, რაც დაგვიტოვა სააკაშვილი ხელისუფლებამ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.