გია ვოლსკი - რუსეთის აგრესიული პოლიტიკისადმი მსოფლიო დამოკიდებულება სამართლიანია
ახალი არაფერია იმაში, რასაც რუსეთის პოლიტიკა ჰქვია – აგრესიული დამოკიდებულება, რეგიონში პოზიციების შენარჩუნებისათვის ბრძოლა, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, გია ვოლსკიმ ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო სწავლებასთან დაკავშირებით საუბრისას.
„არც იმაშია ახალი არაფერი, რომ მსოფლიო მასშტაბის გლობალური დაპირისპირება მიმდინარეობს, სადაც საქართველო და კავკასიის რეგიონი არის ერთ-ერთი სერიოზული სეგმენტი. ასეთ ვითარებაში სახელმწიფოს პოლიტიკა კიდევ ერთხელ შეგვახსენებს თავს, როგორც სტაბილურობისკენ ორიენტირებულს. არ მგონია, რომ ეს მარტო ჩვენი შეფასება იყოს. საერთაშორისო თანამეგობრობა ასეთ პოლიტიკას უჭერს მხარს, სადაც რუსეთთან საუბარსაც აქვს გარკვეულ ფორმატში, შევიწროებულ ფორმატში ადგილი და ასევე, ინტენსიურ სვლას დასავლეთის ინტეგრაციის გეზით. ასე რომ, ჩვენი სახელმწიფოს პოზიცია ამ მიმართულებით უნდა იყოს უცვლელი. რაც შეეხება რუსეთის აგრესიული პოლიტიკის თემას, კვლავ დღის წესრიგშია და ვფიქრობ, რომ მისი ეკონომიკისთვის ძალიან სერიოზულ შედეგებს განაპირობებს, მსოფლიო დამოკიდებულება საკმაოდ აგრესიულია და სამართლიანია ასეთი პოლიტიკის მიმართ, რაც რუსეთს აქვს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო სწავლება დაიწყო, რომელშიც 3 000 ჯარისკაცი მონაწილეობს.