გია ვოლსკი - რუსეთი ვერ ახერხებს, რამდენიმე ქვეყნის გარდა, ვინმე დაიყოლიოს უკანონო აღიარებაზე, ჩვენი ძალისხმევა წარმატებულია, თუმცა სამწუხაროდ, არსებობს ხალხი, ვისაც ეს არ უხარია
რუსეთს თავისი სტრაგეგული გეგმა და სტრატეგიული ამოცანები აქვს, რაც პრინციპულად ეწინააღმდეგება საქართველოს ამოცანებსა და მის მომავალს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკიმ კომენტარი გააკეთა რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, გრიგორი კარასინის იმ განცხადებაზე, სადაც კარასინი აღნიშნავს: „რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რათა სხვა ქვეყნებმა, მათ შორის ჩინეთმა და ინდოეთმა, წინ წაიწიონ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარებისკენ“.
ვოლსკის თქმით, რუსეთი ვერ ახერხებს, რამდენიმე ქვეყნის გარდა, ვინმე დაიყოლიოს უკანონო აღიარებაზე და ამ მიმართულებით საქართველოს ძალისხმევა წარმატებულია, რაც ყველას უნდა უხაროდეს.
„ჩვენ გვაქვს ძალიან მყარი პოზიცია, რომ ხელშეუხებელია ნებისმიერი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, განსაკუთრებით, თუ ის აგრესიის ქვეშაა, როგორც უკრაინა. ტერიტორიული მთლიანობის საკითხი მთავარი პოსტულატია, რაზეც ხელისუფლება დგას. რასაკვირველია, სრული თანხვედრაა ჩვენი პოზიციის ჩინეთთან და ინდოეთთან, მაგრამ კიდევ არსებობს არაღიარების გარკვეული სტრატეგიული მიმართულებები, რომელსაც ძალიან მაღალი დონის პროფესიონალები უზრუნველყოფენ, საგარეო უწყებას ვგულისხმობ. ამიტომ ასეთ განცხადებას პერსპექტივა არ გააჩნია, მაგრამ ყოველგვარი ემოციის გარეშე რომ ვიმსჯელოთ, რუსეთს თავისი სტრაგეგული გეგმა და სტრატეგიული ამოცანები აქვს, რაც პრინციპულად ეწინააღმდეგება საქართველოს ამოცანებსა და მის მომავალს. აქედან გამომდინარე, ჭიდილი და დაძაბულობა არსებობს, მათ შორის სამხედრო და პოლიტიკურ სფეროში, მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ რუსეთს თავისი უშველებელი რესურსებით ვერ მოუხერხებია ის, რომ, რამდენიმე ქვეყნის გარდა, ვინმე დაიყოლიოს უკანონო აღიარებაზე. ამ ეტაპზე ჩვენი ძალისხმევა წარმატებულია და ეს ყველას უნდა გვიხაროდეს. სამწუხაროდ, არსებობს ხალხი, ვისაც ეს არ უხარია. კარასინის განცხადების საფუძველზე რუსეთი რაღაცას თუ მიაღწევს, ეს იქნება ძალიან დიდი ზეიმის წინაპირობა და მიზეზი რადიკალური ოპოზიციისთვის“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.