გია ვოლსკი - რუსეთი იმპერიალისტური ტიპის სახელმწიფოა, რომელიც თავისი სახელმწიფოს კვებისა და გადარჩენისთვის, გაძლიერებისთვის იბრძვის
რუსეთი იმპერიალისტური ტიპის სახელმწიფოა, რომელიც თავისი სახელმწიფოს კვებისა და გადარჩენისთვის, გაძლიერებისთვის იბრძვის, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ სტუმრობისას განაცხადა.
„საზოგადოებაში გააზრებული არ არის და ვერ წარმოგვიდგენია, რა უნდა რუსეთს ბოლოს და ბოლოს, რა უნდოდა პეტრე პირველს, ან ეკატერინე მეორეს, რატომ აფართოებდა ამ იმპერიას და რაში სჭირდებოდა. რაში სჭირდებოდა საფრანგეთს მაგალითად, დავით აღმაშენებლის დახმარება იმისთვის, რომ ეს მხარე დაცული ყოფილიყო, რატომ გადმოსხეს ჯვაროსნები და ა.შ. მაშინ ენერგო რესურსები არ იყო, მაგრამ იყო სატრანზიტო-სავაჭრო გზები, რითაც სახელმწიფო საზრდოობს. ეს მისი საკვებია და ამ საკვებისთვის მიდის ბრძოლა. არ მინდა, მყარი ბეჭედი დავსვა, მაგრამ უკრაინის ნატო-ს წევრობის თემა რუსეთისთვის არის ის თემა, რომელიც მას ხვალ გადაუდებელ საფრთხეს უქმნის. ცუდი სიტყვაა და დასამცირებლად არ ვამბობ, მაგრამ სტრატეგიულ ხედვას ვამბობ, რომ რუსეთი იმპერიალისტური ტიპის სახელმწიფოა, რომელიც თავისი სახელმწიფოს კვებისა და გადარჩენისთვის, გაძლიერებისთვის იბრძვის“, – განაცხადა ვოლსკიმ.
მისი თქმით, რუსეთმა მიაღწია იმას, რომ გაძლიერებულია სამხრეთ კავკასიაში და უზარმაზარი პოტენციური პრობლემის მქონე ჩრდილო კავკასიის ზურგი, ანუ უკანა მხარე, როგორც თავად ეძახის, უკანა ეზო, პრაქტიკულად, კონტროლის ქვეშ მოაქცია.
„დერეფანი, რომელიც ხვალ შეიძლება, მისი ბიუჯეტისთვის სახიფათო გახდეს, რუსეთმა ხელში ჩაიგდო. სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირებაში რუსეთს პატარა როლი არ უთამაშია, რათა პროცესი ამ ცხელ ფაზაში გადასულიყო და ესეც თავის სასარგებლოდ გამოიყენა. ასე რომ, დაუნდობელი პოლიტიკური თამაში დიდ პოლიტიკურ საჭადრაკო დაფაზე, როგორც ამას ბზეჟინსკი უწოდებდა, არის თემა, რაც ზედაპირზე არ დევს და შეიძლება, ვერც ვერასდროს გამოიცნო, მაგრამ არსებობს ფორმულები და პატარა ქვეყანამ ამ ფორმულების მიხედვით უნდა იმოქმედოს“, – განაცხადა ვოლსკიმ.
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის განმარტებით, როდესაც შენ გვერდით გიდგას აშშ და ევროკავშირი, რომელიც გარკვეულ სტრატეგიულ გეგმას გთავაზობს, არ უნდა იყვირო, გულ-მკერდში მჯიღი არ ირტყა და არ უნდა იძახო, რომ მოლაპარაკების ფორმატში რუსეთს არ შეეგუები.
„ამ ვითომ პატრიოტული განცხადებებით სინამდვილეში, რუსეთის თამაშს თამაშობ. რასაკვირველია, ეს ის ფორმულაა, რომელიც ჩვენ სახელმწიფოში სააკაშვილმა პირველად გამოსცადა, დაანგრია და მიიღო შედეგი. ეს ახლა შეცდომა იყო, დანაშაულებრივი შეცდომა, თუ კონსპირაცია, სხვა საკითხია. პოლიტიკურ ველზე ჩვენ არ ვერიდებით მწვავე შეფასებებს და ამასთან დაკავშირებით სხვადასხვა შეფასება გვაქვს, მაგრამ ფაქტია, სტრასბურგის სასამართლო ჩვენ მოვიგეთ“, – განაცხადა ვოლსკიმ.
მისივე თქმით, რუსეთს საქართველოში იმაზე მეტი აღარ უნდა, რასაც ქვეყანაში სააკაშვილის მეშვეობით მიაღწია.
„რუსეთი ტრასიდან ერთ კილომეტრში, თუ უფრო ნაკლებში დგას, გადმოვა და ერთ ჯავშნოსან მანქანას დააყენებს ათი კაცით. ან უნდა ესროლო, ან ისევ დასავლეთს უნდა მიმართო, ისევ მოლაპარაკებები, სანქციების მოთხოვნა და ა.შ. ჩვენ როგორ ვიქცევით ამ პირობებში და რას ვაკეთებთ? არის ორი გზა. ერთი გზა არის ის, რასაც ვაკეთებთ. ვიქცევით ისე, რომ დესტაბილიზაციას გადავრჩეთ“, – განაცხადა ვოლსკიმ.
გია ვოლსკიმ ასევე განაცხადა, რომ თუ ხელისუფლება სახელმწიფოებრივად აზროვნებს, არ უნდა გადადგას ისეთი ნაბიჯი, რომელიც ქვეყნის პარტნიორებს არ აწყობთ.
„მსოფლიოში პოლიტიკური პოზიციების განაწილება სიმპათიებით და სიყვარულით არ ხდება. აქ არის პრაგმატული პოლიტიკა, რომელიც დასავლეთსაც გააჩნია და ჩვენ იქ ვართ, იმათი წევრი ვართ. იმათ საწინააღმდეგოდ წასვლა იგივე სიტუაციას შექმნის იმ თვალსაზრისით, რომ საქართველო პოლიტიკურ რუკაზე გაქრობას დაიწყებს, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა, რასაც ჩვენი დასავლური ვექტორი უზრუნველყოფს. ეს პრიმიტიული ფორმულაა. ჩვენ იქ ვართ, იქ ვდგავართ, იმით ვარსებობთ და სხვა საარსებო წყარო არ გაგვაჩნია. არ ვამბობ კარგს არაფერს, მაგრამ ფაქტია, ეს ასეა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.