გია ვოლსკი - რომელ მარშალის გეგმაზე ლაპარაკობს „ლელო“ თავისი რესურსით, წარსულით და თავისი აწმყოთი, ძალიან მიკვირს
რომელ ტელევიზიებს მიიჩნევთ ჩვენთვის არაკომფორტულად და ტელევიზია ჰქვია „მთავარ არხს“, თუ „ფორმულა“ არის ტელევიზია, რომლის დამფუძნებელმაც ბრძოლის ველზე დატოვა ხალხი და თვითონ მილიონრად გაიქცა, – ასე ეხმაურება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი პარტია „ლელო საქართველოს“ ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ლევან კობერიძის პარლამენტში გაკეთებულ განცხადებას.
საუბარია განცხადებაზე, სადაც კობერიძემ აღნიშნა, რომ მმართველი პარტიის წარმომადგენლები გარდა მათთვის კომფორტული არხებისა, არც ერთ ტელევიზიაში არანაირი ფორმატის დებატებზე არ დადიან.
„რომელ მარშალის გეგმაზე ლაპარაკობს „ლელო“ თავისი რესურსით, თავისი ადამიანობით, წარსულითა და თავისი აწმყოთი, ძალიან მიკვირს და რომელ ტელევიზიებს მიიჩნევთ ჩვენთვის არაკომფორტულად და ტელევიზია ჰქვია „მთავარ არხს“, თუ „ფორმულა“ არის ტელევიზია, რომლის დამფუძნებელმაც ბრძოლის ველზე დატოვა ხალხი და თვითონ მილიონერად გაიქცა. თუ არ გსმენიათ ის ამბები, რაც ყოველდღიურად გაისმის ტელევიზიაში ან სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებში, ჰკითხეთ ადამიანებს, რას ფიქრობენ „ლელოზე“ და მათ მესვეურებზე. ქვეყანა არ არის კარგ მდგომარეობაში იმდენად, ვიტრაბახოთ, რომ ყველა პრობლემა გადავჭერით, უამრავი დარჩა. პანდემიამ შემოგვიტია და ეს სვავები მოგროვილი არიან ოჯახების უბედურების გარშემო. აი, ეს არის ის რეალობა, რასაც ვუყურებთ. ეს არის ალტერნატიული ტელევიზია, სადაც უნდა მივიდეთ? ამაზე დავფიქრდეთ და ვილაპარაკოთ. რეალური პრობლემა სხვაგან დევს და არა ბანერების რაოდენობაში. ეს არ არის ის თემა, რომელიც უნდა წამოვაძახოთ ქვეყნის მმართველ გუნდს, რომელმაც უამრავი რამ გააკეთა, რათა საკუთარი ქვეყანა და ხალხი სამშვიდობოს გაიყვანოს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.