ლევან კობერიძე - მმართველი პარტია თურმე ევროპული სტანდარტის დამკვიდრებას უწყობს ხელს მაშინ, როცა არც ერთ ტელევიზიაში დებატებზე არ დადიან, გარდა კომფორტული არხებისა
ლევან კობერიძე - მმართველი პარტია თურმე ევროპული სტანდარტის დამკვიდრებას უწყობს ხელს მაშინ, როცა არც ერთ ტელევიზიაში დებატებზე არ დადიან, გარდა კომფორტული არხებისა

მმართველი პარტია თურმე ევროპული სტანდარტის დამკვიდრებას უწყობს ხელს ქვეყანაში, არის პროგრესული, გამჭირვალე, მაშინ, როცა არც ერთ ტელევიზიაში არანაირი ფორმატის დებატებზე არ დადიხართ, გარდა თქვენთვის კომფორტული არხებისა, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ლევან კობერიძემ პარლამენტში განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლების სიტყვები და საქმე ერთმანეთს ძალიან დაშორდა.

„ძალიან ბევრი ითქვა, რომ მმართველი პარტია თურმე ევროპული სტანდარტის დამკვიდრებას უწყობს ხელს ქვეყანაში, არის პროგრესული, გამჭირვალე, ასე აპირებს არჩევნების ჩატარებას. ამ განცხადებების ფონზე, ცოტა გაუგებრად გამოიყურება თქვენი პოზიცია, როცა არც ერთ ტელევიზიაში არანაირი ფორმატის დებატებზე არ დადიხართ. არ დადიხართ ტელევიზიებში არათუ ოპონენტთან, მაგალითად ჩვენთან, რომ იმსჯელოთ და დისკუსია გამართოთ, არამედ ჟურნალისტებთანაც კი არ მიდიხართ სასაუბროდ ეთერებში, გარდა თქვენთვის კომფორტული არხებისა, სადაც წინასწარ მომზადებულ კითხვებზე ერთად პასუხობთ ხოლმე. ხშირ შემთხვევაში, პასუხის გაცემას ჟურნალისტები გასწრებენ. აი, ეს მაინტერესებს, ეს ყველაფერი როგორ ჯდება იმ სიტყვებში, რასაც თქვენ ახლა აქ საუბრობთ, რომ თურმე ხართ სტანდარტი ევროპული, თანამედროვე პოლიტიკის.

პრაქტიკულად, მთელი ქალაქი გავსებული გაქვთ თქვენი ბილბორდებით. ადამიანს რომც მოგინდეს ადგილის აღება, თქვენით ან თქვენ მიერ  პრაქტიკულად, ყველა ადგილია დაბევებული. ანუ, სათქმელი არ გაქვთ არაფერი მოსახლეობისთვის?!

აი, ჩვენ, „ლელო-საქართველოს“ დიდი ხანია, პროგრამა გვავქვს წარმოდგენილი. ძალიან სერიოზული, დეტალური პროგრამა. მარშალის გეგმის ანალოგი ქვეყნის რეკონსტრუქციისათვის. მზად ვართ, დავსხდეთ ნებისმიერ ფორმატში თქვენთან დისკუსიისთვის. რატომ გაურბიხართ ღია ფორმატებს, გამჭვირვალე ფორმატებს.

კვლევამაც დაადასტურა, რომ მხოლოდ 27 პროცენტი ამბობს და დანარჩენი მოსახლეობის 70 პროცენტი თითქმის არ ასახელებს, ან არ იცის ჯერჯერობით რომელ პარტიას აძლევს ხმას. არ ასახელებს იცით რატომ?! იმიტომ, რომ ძალიან ბევრში შიშის სინდრომია დასადგურებული. ეშინიათ სამსახურის დაკარგვის. რა არის ეს თავდასხმები ოპონენტებზე, „ნაციონალური მოძრაობისგან“ ეს ისწავლეთ? ეს არ იყო ჩვენ რაც გავისტუმრეთ ისტორიის სანაგვეზე?! ჩვენი პარტიის, „ლელოს“ პარტიის წევრებზე, მათ შორის ზუგდიდში კონკრეტული ფაქტები ქალებთან მიმართებით. მაინტერესებს, სად არის პარლამენტის გენდერული საბჭო ამ დროს, რატომ არ იღებს ხმას. თქვენს საჯარო მოხელეებს, რომლებიც შეურაცხყოფას აყენებენ ქალებს, რომლებიც აქტიურები არიან პოლიტიკაში და თითქოს, მხარს უჭერთ ამ პროცესს, რატომ არ აკეთებთ მკაცრ შეფასებებს?! რატომ არ უშვებთ სამსახურებიდან ამ ადამიანებს, რომლებიც არ იმსახურებენ საჯარო მოხელის სტატუსს. ეს არის ევროპული სტანდარტი თქვენი არჩევნების წარმოების?!  რა მნიშვნელობა აქვს, რას მოაწერთ ხელს, ფარატინა ქაღალდს, როდესაც წინასწარ და შემდეგაც არღვევთ ყველაფერ ამას. მგონია, თქვენი სიტყვები და საქმე ძალიან დაშორდა ერთმანეთს და ეს ყველაფერი სამწუხაროა“, – განაცხადა კობერიძემ.

ამასთან, როგორც კობერიძემ აღნიშნა, მას იმედი აქვს, ოქტომბერში მოსახლეობა სწორ არჩევანს გააკეთებს.

„იმედია, 2020 წელს სწორედ ის მოსახლეობა, რომელიც კვლევებში ძალიან ღირსეულად გამოიყურება, როდესაც თავის პოზიციას ინახავს არჩევნების დღისთვის, გააკეთებს შესაბამის არჩევანს. თქვენი დაკვეთილი კვლევებით საზოგადოების მანიპულირება არაევროპული საქციელია და არ შეეფერება იმ პარტიას, რომელსაც განაცხადი აქვს, რომ ჩვენი შვილების მომავლის სტაბილურობის გარანტია“,  – აღნიშნა კობერიძემ.