გია ვოლსკი - რომელ ნდობაზე ლაპარაკობს სააკაშვილი, ის ხალხი ენდობა, რომელიც სასიკვდილოდ გაწირა, თუ ისინი, ვინც უყურებდნენ, როგორ გარბოდა
გია ვოლსკი - რომელ ნდობაზე ლაპარაკობს სააკაშვილი, ის ხალხი ენდობა, რომელიც სასიკვდილოდ გაწირა, თუ ისინი, ვინც უყურებდნენ, როგორ გარბოდა

რომელ ნდობაზე ლაპარაკობს, მიხეილ სააკაშვილი, ის ხალხი ენდობა, რომელიც სასიკვდილოდ გაწირა, თუ ის ადამიანები, ვინც უყურებდნენ როგორ გარბოდა და დაცვას როგორ გაასწრო სირბილში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით.  მიხეილ სააკაშვილმა დღეს განაცხადა: „ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, მშვენივრად მესმის იმ ხალხის, ვინც ახლა არის ძალიან შეშფოთებული და მათ შორის, ის, ვინც იმარაგებს პროდუქტებს, რადგან ხალხი არ ენდობა სისტემას. სულ სხვა რეაქცია ჰქონდა ხალხს, მაგალითად 2008 წელს ომის ცხელი ფაზის დროსაც კი არ ხდებოდა ასეთი რამე, რადგან მაშინ იყო ნდობა და ახლა არ არის ნდობა“.

გია ვოლსკის თქმით, 2008 წელს მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ დაცვას გაასწრო და ხალხი მიატოვა, ასევე ზუსტად იცოდა, რომ ოკუპაცია მოხდებოდა, თუმცა საზოგადოებას ბოლომდე არწმუნებდა, რომ საქართველოს საშიშროება არ ემუქრებოდა.

„არის მომენტი, როცა მთელ მსოფლიოს ემუქრება გარკვეული საფრთხე და ეს ის მომენტია, თუმცა არაერთი ეგეთი გადაუტანია, მაგრამ ამ პერიოდში თუ უზნეო პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებ, ამას ვეღარ გადაიტანს ის ავტორიტეტი, თუ კიდევ რამ შეგრჩენია რამდენიმე ადამიანში. კაცმა გაასწრო თავის დაცვას და მიატოვა ხალხი, სამოქალაქო პირები დაიღუპნენ მაშინ, როცა ოკუპაციის პროცესი მიმდინარეობდა. ზუსტად იცოდა, რომ ოკუპაცია მოხდებოდა და ბოლომდე გვარწმუნებდა, რომ არაფერი საშიშროება საქართველოს არ ემუქრება. რომელ ნდობაზე ლაპარაკობს, ის ხალხი ენდობა, რომელიც სასიკვდილოდ გაწირა, თუ ის ადამიანები, ვინც უყურებდნენ, როგორ გარბოდა და დაცვას როგორ გადაასწრო სირბილში. რა ნდობაზე საუბრობს საერთოდ, ეს ერთი და მეორე – გარკვეულ პერიოდში, თუ საზოგადოების გარკვეული ნაწილი დაფრთხა და შეშინდა, ხომ არ შეიძლება მას უკიჟინო, რომ არის გაცილებით უფრო რთული მდგომარეობა, ვიდრე რეალობაშია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

პირველი ვიცე-სპიკერის თქმით, საქართველოში ყველაფერი კეთდება, რომ ვირუსი არ გავრცელდეს. ადამიანიც, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, სამშობლოში დაბრუნებისთანავე, დროულად აღმოაჩინეს, რაც პროფესიონალიზმის შედეგია და მას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ გაწერილი სტანდარტით მკურნალობენ.

„ეს არის რეალობა. მეორე – ხეპრულ განცხადებას რომ აკეთებს „ლეიბორისტების ლიდერი“, ის კი არ არის უბედურება რომ იტყუება, უბედურებაა, რომ კარგად იცის, იტყუება და განზრახ იტყუება, ეს არის უბედურება ამ შემთხვევაში და ისეთი პანიკის ატეხვა სურს, რომ რაღაცნაირად იქნებ, პოლიტიკური დივიდენდი მიიღოს, რაშიც ეჭვი მეპარება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

მისი თქმით, კორონავირუსთან და პრევენციის ზომებთან დაკავშირებით დეტალურად ისაუბრა ჯანდაცვის მინისტრმა, ყველა პირმა, ვისაც ამ თემასთან შეხება აქვს, ასევე განცხადება გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ.

„არის ვირუსი და ამ ვირუსთან საბრძოლველად ქვეყანა მზად არის. საერთო გლობალური პრობლემაა და არა მარტო საქართველოს პრობლემა. მადლობა ღმერთს, რომ ჯერ კიდევ მწვანე ზონაში ვართ, თუმცა როგორ შეიძლება, მომზადებული არ იყო ყველანაირი ცუდი განვითარებისთვის. ყვავივით მჩხავანა პოლიტიკოსები სწორედ ამ პერიოდში გამოჩნდნენ და ფიქრობენ, იქნებ, რამე პოლიტიკური მოგება ამოიღონ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ და აღნიშნა, რომ საზოგადოებას შესაბამისი ინფორმაცია რეკომენდაციებთან ერთად ყოველდღიურად მიეწოდება.