მიხეილ სააკაშვილი - მესმის ხალხის, ვინც ახლა არის შეშფოთებული და პროდუქტებს იმარაგებს, არ ენდობიან სისტემას, 2008 წელს ომის ცხელი ფაზის დროსაც კი არ ხდებოდა ასეთი რამ
მიხეილ სააკაშვილი - მესმის ხალხის, ვინც ახლა არის შეშფოთებული და პროდუქტებს იმარაგებს, არ ენდობიან სისტემას, 2008 წელს ომის ცხელი ფაზის დროსაც კი არ ხდებოდა ასეთი რამ

საქართველოს ვაი-ხელისუფლებამ საზღვრის დახურვა დააგვიანა სულ მცირე ერთი კვირით, როდესაც ვირუსის პირველი შემთხვევები გაჩნდა ჩვენს მეზობელ ირანში, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

„ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, მშვენივრად მესმის იმ ხალხის, ვინც ახლა არის ძალიან შეშფოთებული და მათ შორის ის, ვინც იმარაგებს პროდუქტებს, რადგან ხალხი არ ენდობა სისტემას. სულ სხვა რეაქცია ჰქონდა ხალხს. მაგალითად, 2008 წელს ომის ცხელი ფაზის დროსაც კი არ ხდებოდა ასეთი რამე, რადგან მაშინ იყო ნდობა და ახლა არ არის ნდობა. ნდობა რომ არ არის, ამას აქვს თავისი მიზეზი – საზღვრის დახურვა საქართველოს ვაი-ხელისუფლებამ დააგვიანა სულ მცირე ერთი კვირით, როდესაც ვირუსის პირველი შემთხვევები გაჩნდა პრაქტიკულად ჩვენს მეზობელ ირანში, რომელთანაც გვაქვს აქტიური მიმოსვლა. დახურეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც არაერთი საერთაშორისო რეკომენდაცია მოვიდა. ეს უკვე გვიანი იყო. ისევე, როგორც „ჰოლტ ავიას“ მიმოსვლის დახურვა არ იყო საკმარისი, რადგან უნდა ჩაეკეტათ საზღვრები იმ ქვეყნებთან, რომელთა მეშვეობით შემოდიოდა ხალხი ირანიდან“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე თქმით, ახლა მისაღებია შემდგომი ზომები – აუცილებლად უნდა დაიხუროს სკოლები და უნივერსიტეტები.

„უნდა გაუქმდეს დიდი საჯარო ღონისძიებები, რადგან ეს ვირუსი არა მხოლოდ ადამიანების ჯანმრთელობას ემუქრება, არამედ სერიოზულად ემუქრება ეკონომიკას. პრაქტიკულად, ძალიან დიდი ეკონომიკური პრობლემები შეექმნებათ ჩვეულებრივ მოქალაქეებს და ქვეყნის ბიუჯეტს. რაც უფრო ადვილი იქნება მისი იზოლირება, რაც უფრო მეტი ზომა იქნება მიღებული, მით ნაკლებ ზიანს მივიღებთ ყოველივე ამისგან. კიდევ ერთი – ლუგარის ლაბორატორია რომ არის, ეს მართლა სასწაულია, რომ ჩვენ გვაქვს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ლაბორატორია. თქვენ იცით, ივანიშვილის ხელისუფლება დღემდე მასამართლებს, მათ შორის, იმისათვის, რომ რიჩარდ ლუგარი – ჩემი მეგობარი, საქართველოში მივიღეთ და გავუმასპინძლდით. აი, ასე გადააყოლა ამ კაცმა თავის პირად ბოღმას ქვეყნის ინტერესები. ამიტომ როცა ხალხი მას არ ენდობა, გასაგებია, მაგრამ ჩვენ ახლა მაინც უნდა ვაიძულოთ ისინი, მიიღონ ხალხისთვის მნიშვნელოვანი ზომები ადამიანების დასაცავად“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.