გია ვოლსკი - როგორც ჩანს, ზვიად კვაჭანტირაძე ვერ გრძნობს იმ პასუხისმგებლობას, რომელიც ასეთ თანამდებობაზე უნდა გქონდეს
როგორც ჩანს, ზვიად კვაჭანტირაძე ვერ გრძნობს იმ პასუხისმგებლობას, რომელიც ასეთ თანამდებობაზე უნდა გქონდეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, ზვიად კვაჭანტირაძემ გადაწყვიტა, რომ კომიტეტმა საერთოდ არ უნდა იმუშაოს.
„ყოფილ თანაგუნდელებზე მკაცრად საუბარი მიჭირს, ზვიადს რომ ვუსმინე დღეს, მართალი გითხრათ, გაკვირვებაც ვერ დავმალე. კვაჭანტირაძემ კარგად იცის იმ კომიტეტის საქმიანობა, რომელსაც ხელმძღვანელობდა, საქმიანობა არა, უფრო უსაქმურობაა და თან ეს კარგა ხანია, გრძელდება. ამ კომიტეტის სრული გაჩერება ემთხვევა პერიოდს, რაზეც ჩვენ ყურადღება არ მიგვიქცევია. ზვიადმა გადაწყვიტა, საერთოდ არ იმუშაოს, განათლებული კაცია და ხმამაღალი განცხადებები არ შეეშლება. იყო მის მიმართ მოთხოვნები და გაზრდილი იყო მომართვები ჩვენი დიასპორის, რომლებიც მეტ აქტიურობას ითხოვდნენ ჩვენგან და მთავრობისგანაც. მე არ მინდოდა დამეკავშირებინა ეს თემები ერთმანეთთან, მაგრამ როგორც ჩანს, ადამიანი ვერ გრძნობს პასუხისმგებლობას, რომელიც ასეთ თანამდებობაზე უნდა გქონდეს“, – განაცხადა ვოლსკიმ.
საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან ზვიად კვაჭანტირაძე დღეს პირველი კენჭისყრისას ვერ გადააყენეს. კვაჭანტირაძის თანამდებობიდან გადაყენებას მხარი დაუჭირა 67-მა დეპუტატმა, მისი თანამდებობიდან გადაყენებისთვის კი, პარლამენტის 76 დეპუტატის მხარდაჭერა იყო საჭირო. კვაჭანტირაძის გადაყენებას მხარი არ დაუჭირა რვა დეპუტატმა, რომელთა შორის უმრავლესობის წევრებიც იყვნენ. საპარლამენტო უმრავლესობაში აღნიშნული საკითხი ტექნიკურ პრობლემას დაუკავშირეს და განმეორებითი კენჭისყრის ჩატარება გადაწყვიტეს, თუმცა გადადგომის შესახებ განცხადება კვაჭანტირაძემ თავად გაკეთა.