გია ვოლსკი - რეზოლუციას ბოლო წუთებში დაამატეს სააკაშვილის თემა, როცა შემოგვთავაზეს, რომ სააკაშვილი პოლიტიკურ პატიმრად გვეღიარებინა, ხელი არ მოვაწერეთ
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე 55 დეპუტატმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, სადაც ბოლო წუთებში დაამატეს სააკაშვილის თემა. როცა შემოგვთავაზეს, რომ სააკაშვილი პოლიტიკურ პატიმრად გვეღიარებინა, რასაკვირველია, ხელი არ მოვაწერეთ, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, ამ სახის რეზოლუციის მხარდაჭერა არ შეიძლებოდა.
ამასთან, გია ვოლსკიმ აღნიშნა, რომ ზოგადად, სხვადასხვა სიმწვავის, დონის 400-მდე რეზოლუცია და განცხადება არსებობს, რომელსაც საქართველო რუსეთთან დაკავშირებით უერთდება.
„ევროპის საბჭოს რეზოლუცია არის საკმაოდ მტკიცე პოზიციის გამომხატველი, მაგრამ გაცილებით უფრო მწვავე და უფრო მნიშვნელოვანი რეზოლუციისთვის აქვს საქართველოს დელეგაციას არათუ მხარი დაჭერილი, არამედ თანაავტორია რეზოლუციის, რომელიც რუსეთს ჰააგის ტრიბუნალში გადასცემს. მნიშვნელობა იმას აქვს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, საქართველო გარკვეული პოზიციით გამოდის. სხვადასხვა სიმწვავისა და დონის 400-მდე რეზოლუცია და განცხადება არსებობს, რომელსაც საქართველო რუსეთთან დაკავშირებით უერთდება. ვიღაცის სპეკულაციები და პოლიტიკური შიდათამაშები განსახილველიც არ არის, რადგან ეს არ ემსახურება მთავარ მიზანს, რუსეთის მიმართ სამართალი აღსრულდეს. რეზოლუციაზე პროცედურა არ ითვალისწინებს კენჭისყრას გარკვეული დათქმებით, გამოკლებებით და დამატებებით. იგივე იყო 2008 წლის ომთან დაკავშირებულ რეზოლუციაზეც. შესაძლებლობა იმის, რომ ქართული დელეგაციის მონაწილეობით ეს რეზოლუცია არ მიეღოთ და არ დაებრალებინათ საქართველოსთვის ომის დაწყება, მოითხოვდა იმას, რომ დელეგაციას ხელი არ მოეწერა ამ საკმაოდ საეჭვო რეზოლიციისთვის. აქ არ არსებობს სხვა დათმები.
პროექტის თანაავტორები ქართული დელეგაციის წარმომადგენლები და უმრავლესობის წარმომადგენლებიც იყვნენ, მაგრამ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე 55 დეპუტატმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, სადაც ბოლო წუთებში დაამატეს სააკაშვილის თემა. როცა შემოგვთავაზეს, რომ სააკაშვილი პოლიტიკურ პატიმრად გვეღიარებინა, რასაკვირველია, ხელი არ მოვაწერეთ. არ ვიცი, დეტალებს დღეს განმარტავენ, მაგრამ იყო საუბარი ყარამურზასთან დაკავშირებით, რომელიც დაჭერილი იყო იმის გამო, რომ პუტინს დაუპირისპირდა და იმასთან მიაბეს სააკაშვილის თემა, თითქოს მებრძოლია პუტინთან, ამის გამოა დაჭერილი და პოლიტიკური ნიშნები აქვს მის გასამართლებას. ამაზე ხელის მოწერა და ამ რეზოლუციის მხარდაჭერა არ შეიძლებოდა, მაგრამ ამის გარეშე ყველამ იცის, რომ საქართველო რეზოლუციას არათუ მხარს უჭერს, მისი თანასპონსორიც იყო“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმეზეც არის საუბარი. კერძოდ კი, აღნიშნულია:
„ასამბლეა ასევე მოუწოდებს, გადაიხედოს სხვა პოლიტიკური პატიმრების საქმეები, რომლებიც პრეზიდენტ პუტინის წინააღმდეგ გამოდიან რუსეთში და სხვა ქვეყნებში და გათავისუფლდნენ ისინი (მათ შორის მიხეილ სააკაშვილი, უკრაინის მოქალაქე და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი)“, – ნათქვამია რეზოლუციაში.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რეზოლუცია 13 ოქტომბერს დაამტკიცა, რომელშიც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად არის გამოცხადებული. ასამბლეა ასევე მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს ძალები უკრაინიდან, საქართველოდან და მოლდოვიდან.