გია ვოლსკი - რეფორმების მასშტაბი, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილმა ჩაატარა, საფუძველს იძლევა, რათა მას მხარი დაუჭიროს 76-მა და მეტმა დეპუტატმაც
იყო პერიოდი, როცა ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერის თანამდებობიდან გადადგა, მაგრამ რეფორმების ის მასშტაბი, რომელიც მან ჩაატარა, საფუძველს იძლევა, რათა მას მხარი დაუჭიროს 76-მა და მეტმა დეპუტატმაც, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკის თქმით, მისთვის ჯერ ცნობილი არ არის, თუ ვინ დაიკავებს თავდაცვის მინისტრის თანამდებობას. მისივე თქმით, მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობასთან დაკავშირებით ინფორმაცია ოფიციალური ტრიბუნიდან გახდება ცნობილი.
„ჯერ ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ არის, მაგრამ დაახლოებით პასუხები შეიძლება, მქონდეს. ოფიციალურ პასუხებს ოფიციალური ტრიბუნიდან მიიღებთ. ცვლილებები სამთავრობო შემადგენლობაში ცნობილი არ არის. ჩემთვის ცნობილი არ არის, ვინ განიხილება დღესდღეობით თავდაცვის მინისტრის პოსტზე.
რაც შეეხება თავად ღარიბაშვილს, კი, იყო ის პერიოდი, როცა გადადგა, მაგრამ რეფორმების ის მასშტაბი, რომელიც მან ჩაატარა, ის, რომ მის სახელს უკავშირდება ევროკავშირთან ასოცირება, თავისუფალი უვიზო მიმოსვლა, თავდაცის სისტემაში უშველებელი რეფორმები, რომელმაც ჯარი საბოლოოდ შექმნა და ჩამოაყალიბა, საფუძველს იძლევა, რათა მას მხარი დაუჭიროს 76-მაც და მეტმა დეპუტატმაც“, – განაცხადა ვოლსკიმ.
კითხვაზე – ღარიბაშვილის წარდგენა პრემიერის პოსტზე ნიშნავს თუ არა, რომ ბიძინა ივანიშვილი რეალურად არ წასულა პოლიტიკიდან, ვოლსკი პასუხობს, რომ ბიძინა ივანიშვილზე საუბარი ახლა უადგილოა და მას გადაწყვეტილებაში მონაწილეობა არ მიუღია.
„ბიძინა ივანიშვილის ფიგურაზე ახლა საუბარი უკვე აღარ არის და უადგილოა. „ქართული ოცნება“ არის მისი დაწყებული, მისი შექმნილი და ის სისტემა, რომელიც მუშაობს იმ პოლიტიკური პრინციპებით არის ჩამოყალიბებული, რომელიც ყველას ერთად გვქონდა. ჩვენ ერთმანეთის უკან თუ ვდგავართ, ჩათვალეთ, რომ ბიძინა ივანიშვილის დამოკიდებულება არაპოლიტიკური, მაგრამ პერსონალურიც, პოზიტიურია. მას გადაწყვეტილებაში მონაწილეობა არ მიუღია“, – განაცხადა ვოლსკიმ.