გია ვოლსკი - რასა იუკნევიჩიენეს განცხადების მსგავსი უტიფრობა არ მომისმენია
გია ვოლსკი - რასა იუკნევიჩიენეს განცხადების მსგავსი უტიფრობა არ მომისმენია

მიუხედავად იმისა, არის თუ არა პოლიტიკაში, ვინაიდან ბიძინა ივანიშვილის სახელი ასოცირდება „ქართულ ოცნებასთან“, მასზე შეტევა ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკი გამოეხმაურა ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეს განცხადებას, სადაც ის ამბობს: „„ქართული ოცნების“ არჩევანი თუ არის ივანიშვილი და არა ევროკავშირის წევრობა, ნიშნავს, რომ მათთვის ის ევროპულ პერსპექტივაზე უკეთესია“.

გია ვოლსკის შეფასებით, მსგავსი უტიფარი განცხადება არ მოუსმენია.

„ასეთი უტიფარი განცხადება ამ დონიდან არ მომისმენია. გასაგებია, რომ დიდი ხანია, პოლიტიკური პარტია „ნაცმოძრაობა“ შენი მოკავშირეა, მაგრამ ყველამ ხომ კარგად იცის, რომ შენმა მოკავშირე პარტიამ გესტაპოს მეთოდებით მართა ეს სახელმწიფო და 2012 წლის შემდეგ ბიძინა ივანიშვილია ის ადამიანი, რომელმაც საქართველო ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით წაიყვანა და ყოველგვარი ანტიევროპული ნიშანი ჩამოაშორა მმართველობას, განსაკუთრებით, ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში.

ეს მან კარგად იცის და მიუხედავად ამისა, ამ პოზიციაზე დგას, ვინაიდან ყველა არგუმენტი გამოეცალათ. უნდათ, ებრძოლონ ადამიანს, რომელსაც დღევანდელ პოლიტიკასთან არანაირი კავშირი არ აქვს და როგორც მეცენატს, ძალიან ბევრი აქვს გაკეთებული ქვეყნისთვის. პოლიტიკიდან გასული ბიძინა ივანიშვილის მიმართ არგუმენტი არ აქვთ. ბიძინა ივანიშვილის მიმართ ასეთი პოზიციის დაფიქსირებას და შეტევის მცდელობას თვისი გარკვეული ასპექტი აქვს. უშველებელი რესურსია მობილიზებული, რათა მოსახლეობამ ამოისუნთქოს. შესანიშნავი საერთაშორისო დონის უნივერსიტეტი შეიქმნა. გარკვეული დასახლებული პუნქტი ააღორძინა, რომელიც მიწასთან იყო გასწორებული. უამრავი კულტურული ძეგლი გაკეთდა და კიდევ ბევრია დაგეგმილი. მიუხედავად იმისა, არის თუ არა პოლიტიკაში, ვინაიდან ბიძინა ივანიშვილის სახელი ასე თუ ისე  ასოცირდება „ქართულ ოცნებასთან“, მასზე შეტევა არის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება. გარდა ამისა, აღქმა უნდა შეიქმნას, რომ ბიძინა ივანიშვილი მართავს და ის არის კარგი სამიზნე, რათა მთელი ეს ისტერიული, უტიფარი აგრესია მისკენ იყოს მიმართული“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.