გია ვოლსკი - რამდენიმე ადამიანს რევოლუციური მოდელი აქვს გეგმაში, ხოლო დანარჩენები სატელიტური დანამატები არიან
გია ვოლსკი - რამდენიმე ადამიანს რევოლუციური მოდელი აქვს გეგმაში, ხოლო დანარჩენები სატელიტური დანამატები არიან

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, საარჩევნო სისტემის ე.წ. გერმანული მოდელი საქართველოში არსებულ კონსტიტუციასთან შეუსაბამოა და ეს ოპოზიციისთვის კარგადაა ცნობილი.

მისივე თქმით, საზოგადოებას თავს ახვევენ მოსაზრებას, თითქოს აღნიშნულ საკითხზე მთავრობას ხისტი პოზიცია აქვს.

ვოლსკი მიიჩნევს, რომ „რამდენიმე ადამიანს რევოლუციური მოდელი აქვს გეგმაში, ხოლო დანარჩენები სატელიტური დამანამატები არიან“.

„თავადაც კარგად იციან, რომ ეს მოდელი ვერანაირად ვერ იქნება კონსტიტუციასთან შესაბამისობაში. თან რაოდენობრივად ბევრნი იკრიბებიან და მოსაზრებას, რომ თითქოს მთავრობას ხისტი პოზიცია აქვს, თავს ახვევენ საზოგადოებას, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, რომლებსაც სხვადასხვა უკანონო აქციისას იყენებენ. მათ შორის მცოდნე ადამიანები არიან, რომლებმაც გამორიცხულია, რომ არ იცოდნენ ამ მოდელების კონსტიტუციასთან შეუსაბამობის შესახებ. მაინც ვფიქრობ, რომ რამდენიმე ადამიანს რევოლუციური მოდელი აქვს გეგმაში და დანარჩენები სატელიტური დანამატები არიან, რომლებიც ჩართულები არიან ამ ბრძოლაში“ ,- განაცხადა გია ვოლსკიმ.

ამასთან, ვოლსკიმ აღნიშნა, რომ ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხე არ არსებობს.

„ცალკეული შემთხვევები იყო. ეს თემა და გაღიზიანება სპეციალურად არის გამოწვეული, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგშია. ეს ლიტონი სიტყვა არ არის. ანალიზი რომ გააკეთოთ, საკმაოდ აშკარაა, რომ სამოქალაქო დაპირისპირების თემა ერთადერთი გამოსავალია, რომელმაც შეიძლება ე.წ. წარმატება მოუტანოს ამ მავნებლურ ჯგუფს. სამწუხაროა, რომ ამისთვის იყენებენ ახალგაზრდების ჯგუფს, რომლებიც, ჩემი აზრით, უნდა უერთდებოდნენ თუნდაც „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულ მოძრაობას, რომლებიც ევროსაბჭოში ჩვენს თავმჯდომარეობას აღნიშნავენ“ ,- განაცხადა გია ვოლსკიმ.

ე. წ. გერმანულ მოდელზე დაყრდნობით შემუშავებულ კანონპროექტს ოპოზიცია პარლამენტში დღეს დაარეგისტრირებს.