გია ვოლსკი - რადიკალური ოპოზიციის ამოცანა იყო, ისტერიული ფონი შეექმნათ და მასში პრეზიდენტიც ჩაერთოთ, როდესაც მათ რადიკალურს ვარქმევთ, რბილად ვაფასებთ, ეს ექსტრემისტული შინაარსის გუნდია
რადიკალური ოპოზიციის ამოცანა მდგომარეობდა, რომ ისტერიული ფონი შეექმნათ და ამ ისტერიული განცხადებების ორომტრიალში პრეზიდენტიც ჩაერთოთ, რიგგარეშე სხდომის ჩანიშვნაზე კიდევ დამატებითი ფუნქცია უნდა შესძენოდა, იქნებ პატარა მიტინგისთვისაც გამოეკრათ ხელი და ა.შ. ეს იყო გეგმა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკის თქმით, საზოგადოება ყურადღებით უნდა იყოს რადიკალური ოპოზიციის განცხადებებთან.
„რაც შეეხება მათი წინადადებების განხილვას კომისიის შექმნის თაობაზე, შემდგომი კვირაც შეიძლება, გამოადგეთ. საზოგადოებას მოვუწოდებ, ყურადღებით იყოს ნებისმიერ ნაბიჯთან, რომელსაც ამ ჯგუფისგან ვისმენთ. ვხედავთ, მიმართული არიან, რომ ქვეყანაში როგორმე რყევა იყოს. რიგგარეშე სხდომის მოთხოვნაც ამ მიზანს ემსახურებოდა, ისტერიული ფონის შექმნას. ეს გაერთიანება ზოგადად ეკლექტურია, რომელსაც ჩვენ რადიკალურ ოპოზიციას ვარქმევთ და, ვფიქრობ, საკმაოდ რბილად ვაფასებთ, რადგან ეს ექსტრემისტული შინაარსის და პათოსის გუნდია. ვერ შეთანხმდნენ რაღაც გარკვეული გარემოებების გამო, შექმნეს ისტერიკა, მოიწვიეს ისტერიკაში ჩასართავად პრეზიდენტი, რომელიც, მგონი, სიამოვნებით დათანხმდება ამ პროცესებში მონაწილეობას და აღმოჩნდა, რომ ორი ადამიანი არ არის აქ, შეიძლება, მეტიც გამოაკლდეს იმ კენჭისყრას, რომელსაც ისინი კომისიის შესაქმნელად გეგმავენ“, – განაცხადა ვოლსკიმ.
გია ვოლსკის განცხადებით, რადიკალური ოპოზიციის მიზანი იყო, რომ რიგგარეშე სხდომას დამატებითი მექანიზმი შეექნა დესტაბილიზაციისთვის.
„ვფიქრობ, მათი ამოცანები შეუსრულებელი ამოცანებია, ვინაიდან საზოგადოება აღარ მოტყუვდება. გაცილებით უფრო მაღალია ინტელექტუალური დონე საქართველოში, ვიდრე ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის შემადგენლობაში. მთავარია, არ მოატყუონ გამოუცდელი ახალგაზრდები, მთავარია, არ დაარწმუნონ იმაში, რომ ვიღაც საგარეო კურსის შეცვლას გეგმავს და მთავარია, არ დაარწმუნონ, რომ რუსეთის საფრთხე არის დავიწყებული, ის აგრესორია, ოკუპანტია და, რასაკვირველია, მოქმედებს თავისი ინტერესებიდან გამომდინარე. დღევანდელი სიტუაცია, მსოფლიოში მიმდინარე პროცესები არის ძალიან საფრთხილო“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
ოპოზიციამ პრეზიდენტს 11 აპრილს პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნით დღეს, დღის პირველ ნახევარში მიმართა. მოგვიანებით კი ოპოზიციის წარმომადგენლებმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართეს, რომ, ანა წითლიძისა და ლევან ხაბეიშვილის მიერ ქვეყნის დატოვების გამო, ხვალ მათ მიერ მოთხოვნილი რიგგარეშე სხდომა არ დანიშნოს.
ამასთან, ცოტა ხნის წინ, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ფოტო პოლონეთიდან, რომელზეც მასთან არიან ანა წითლიძე, გიული ალასანია, გიორგი ჩალაძე და ევროპარლამენტის წევრი პოლონეთიდან ანა ფოტიგა.