გია ვოლსკი - რადიკალურ ოპოზიციას ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების პოლიტიკური ინტერესი აქვს
გია ვოლსკი - რადიკალურ ოპოზიციას ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების პოლიტიკური ინტერესი აქვს

რადიკალურ ოპოზიციას ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების პოლიტიკური ინტერესი აქვს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, რადიკალური ოპოზიცია საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულებას ეწევა.

„უშველებელი სიაა იმ კეთილი საქმეების, რაც თავის დროზე ბიძინა ივანიშვილს გაუკეთებია ქვეყნისთვის ყოველგვარი დაყვედრებისა და დივიდენდების მოთხოვნის გარეშე. ერთი ფაქტიც არ არსებობს ისეთი, რომ ბიძინა ივანიშვილი თავისი პირადი რესურსით სახელმწიფოს ინტერესებს უპირისპირდება.  რადიკალური ოპოზიცია საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულებას ეწევა და ბიძინა ივანიშვილზე ეს არის შეტევა. რაც შეეხება ამ პროცესში სოჩას მონაწილეობას, დიდი ხანია, კრის სოჩა „ნაციონალური მოძრაობის“ მოკავშირეა და გარკვეულ საკითხებში მათი გამაერთიანებელია. ამის მიუხედავად, ის საკმაოდ გონიერი ადამიანია და არ მიმაჩნია, რომ ისიც ისე ფიქრობდეს, როგორც ლევან ხაბეიშვილი.

რადიკალური ოპოზიცია ბრიუსელის დერეფნებში დადის და ამ საკითხის გააქტიურებას ცდილობს. ბიძინა ივანიშვილზე შეტევა დიდი ხანია, მიმდინარეობს. ეს ადამიანი სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოჩნდა. ბიძინა ივანიშვილს თავისი ქვეყნისთვის რამდენიმე მილიარდი აქვს დახარჯული და რადიკალური ოპოზიცია ტაშს უკრავს, რომ მას შვეიცარიის ბანკთან პრობლემა აქვს და მისი თანხები შეჩერებულია, თუმცა ზუსტად იციან, რომ ნებისმიერი ცენტი ქვეყნის სასარგებლოდ იხარჯება. მათ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების პოლიტიკური ინტერესი აქვთ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ლევან ხაბეიშვილთან ერთად შეხვედრები გამართა აშშ-ის სენატის საგარეო კომიტეტის აპარატის უფროსთან, კრის სოჩასთან, სადაც, მისი თქმით, სანქციების საკითხიც იყო განხილული. ამასთან, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ შეხვედრაში მონაწილეობდა გიორგი გახარიაც.