გია ვოლსკი - რაც მეტი ადამიანი მოვა არჩევნებზე, მით უფრო გაიზრდება „ქართული ოცნების” მხარდამჭერთა რაოდენობა
გია ვოლსკი - რაც მეტი ადამიანი მოვა არჩევნებზე, მით უფრო გაიზრდება „ქართული ოცნების” მხარდამჭერთა რაოდენობა

გამორიცხულია, კომისიაში გაყალბება მოხდეს, როცა მის შემადგენლობაში შედიან ოპონენტი პარტიების წარმომადგენლები და ოქმი შედგენილი ვერ იქნება იმ შემთხვევაში, თუ რაიმე ეჭვი არსებობს გაყალბების, – ასე ეხმაურება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებას.

საუბარია განცხადებაზე, სადაც ვაშაძე ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ არჩევნების გასაყალბებლად ორ ხერხს იყენებს.

ამასთან, როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, არჩევნებზე რაც მეტი ხალხი მივა, მით უფრო გაიზრდება „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა რაოდენობა. მისივე თქმით, ნებისმიერი ადამიანი, ვინც წინასაარჩევნო პერიოდში გარკვეულ სტანდარტებს დაარღვევს ან ეცდება, არჩევნები გააყალბოს, ამით სერიოზულად დააზარალებს ქვეყნის პოლიტიკურ იმიჯს.

„საპარლამენტო არჩევნებზე რაც უფრო მეტი ადამიანი მოვა, მით უფრო მოიმატებს „ქართული ოცნების” მხარდამჭერების რაოდენობა. გამორიცხულია, კომისიაში გაყალბება მოხდეს, როცა მის შემადგენლობაში შედიან ოპონენტი პარტიების წარმომადგენლები და ოქმი შედგენილი ვერ იქნება იმ შემთხვევაში, თუ რაიმე ეჭვი არსებობს, რომ იქ გაყალბება მოხდა. ამას გარდა, ფოტო, სიები არსებობს, რომელსაც ადრე არ მიმართავდნენ, რადგან „კარუსელები” ჩვეულებრივ ამბად ჰქონდათ ქცეული „ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო სისტემაში.

გაყალბება არათუ შესაძლებელია, არამედ დამანგრეველია და ნებისმიერი ადამიანი, ვინც წინასაარჩევნო პერიოდში გარკვეულ სტანდარტებს დაარღვევს ან შეეცდება არჩევნები გააყალბოს, ეს იქნება სერიოზული ზარალის მომტანი ქვეყნის პოლიტიკური იმიჯისთვის.

„ქართულ ოცნებას” არაფერი აქვს საიმისო და არც მისი ხელწერაა ისეთი, რომ ის მაღალი მონაცემები გააყალბოს, რომელიც რეალურად მოსალოდნელია. პირიქით, ვფიქრობ, გარკვეული პოლიტიკური პარტიების მთელი ძალისხმევა იქითკენ იქნება მიმართული, რომ საქართველოს როგორმე იმიჯი შეულახონ და ეჭქვეშ დააყენონ ის ნათელი შედეგი, რომელიც დადგება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.