გია ვოლსკი - „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოში ცვლილებები საკმაოდ ვრცელ გეგმას ემსახურება
პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოში ცვლილებები საკმაოდ ვრცელ გეგმას ემსახურება.
„პოლიტსაბჭოს წევრები შეირჩნენ თავისი დამოკიდებულებით საქმის მიმართ, საზოგადოების მიმართ, იმ პრობლემების მიმართ, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არსებობს და რასაკვირველია, გამოცდილებაც აქ თამაშობს უკანასკნელ როლს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
ამასთან, გია ვოლსკიმ ისაუბრა იმის შესახებ თუ რას ემსახურება პარტიის გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოში ცვლილებების თაობაზე.
„გეგმა საკმაოდ ვრცელია, პარტიული მშენებლობა ითვალისწინებს საკადრო გაძლიერებას და ორგანიზაციულ ნაწილში გაცილებით მეტი ყურადღება მიექცევა რეგიონულ პრობლემებს, ადგილობრივ მუნიციპალურ პრობლემებს არა მარტო პარტიული პოლიტიკური ხაზით, ყველა საკითხთან დაკავშირებულ თემებს მოუყრის თავს პოლიტსაბჭო, იქნება შესაბამისი რეკომენდაციები და გადაწყვეტილებები“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
გია ვოლსკის განცხადებით, დეპუტატებიდან ცვლილებებთან დაკავშირებით პრეტენზია არავის აქვს.
კახა კალაძემ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა დაასახელა, რომელშიც ახლანდელი პოლიტსაბჭოს წევრი გია ვოლსკი კვლავ წევრად არის დასახელებული.