გია ვოლსკი - „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა არ უნდა იმას, რომ ადამიანებმა გადაწყვიტონ, პასუხი გასცენ „ნაცმოძრაობისა“ და მისი სატელიტების უმსგავსობას
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი ქუთაისში გაერთიანებული ოპოზიციისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისებთან განვითარებულ მოვლენებს, ასევე, ოპოზიციის განცხადებებს გამოეხმაურა.
ვოლსკის თქმით, ადამიანებმა თავად გადაწყვიტეს, „ნაციონალური მოძრაობისა“ და მათი სატელიტებისთვის პასუხი გაეცათ.
„ამას არ უნდა ორგანიზება, მაინც და მაინც „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა, რომ ადამიანებმა გადაწყვიტონ, პასუხი გასცენ იმ უმსგავსობას და ხეპრეობას, რასაც აკეთებენ „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტები. წარმოუდგენელი რამ ხდება ქვეყანაში. ჩვენ ათჯერ გავაფრთხილეთ და მეთერთმეტედ ჯერ კიდევ მარტო მე ვამბობ და სხვებიც, რომ ყველაფერი კეთდება, რათა პარტიებს შორის ურთიერთობა და კრიზისი გადმოვიდეს საზოგადოებაში და დაპირისპირების ის ხარისხი მივიღოთ, რომელიც დაარტყამს ეკონომიკას, ინვესტიციას, ზოგადად სტაბილურობას. ამხელა პროექტები ხორციელდება, გაზსადენი გაიხსნა, ამხელა რესურსი გამოჩნდა ქვეყნის ფეხზე დაყენების და მთელი ჩვენი ძალისხმევა გადართულია იმისაკენ, რომ დაპირისპირების თემა იყოს დღის პირველი ნიუსი. ეს არის რეალურად, რაც ხდება. ახლა ვუსმინე გრიგოლ ვაშაძეს, საუბრობს, რომ ვერ ეღირსებით, ჩვენ არ დავძაბათ, ამ დროს ყველაფერი კეთდება, რათა კანონის უხეში დარღვევით, „ნაციონალური მოძრაობის“ სწორედაც აქტივი ჩაუდგეს სათავეში ქვეყანაში დაპირისპირებას. „ქართული ოცნების“ შეიძლება, ვიღაცა იყო, რატომაც არა, მაგრამ ადამიანებს ვერ ეტყვი, რატომ გამოდიხარ გარეთ, როცა უამრავი მათგანის კისერზე გადაიარა მკვლელობამაც, წამებამაც და უზნეო მოქცევამაც. ასე რომ, მე ვერ გავამტყუნებ იმ ადამიანებს ემოციისათვის, მაგრამ კიდევ ერთხელ ყველას მოვუწოდებ, რომ დაანებონ თავი „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმების რეალიზაციას, მოხდეს ქვეყანაში ისეთი დაპირისპირება, რომელიც აბსოლუტურად ჩვენ ქვეყანას არ ჭირდება“ ,- განაცხადა გია ვოლსკიმ.
ვოლსკიმ მოქალაქეებს მოუწოდა, თავი შეიკავონ, რათა პარტიებს შორის დაპირისპირება საზოგადოებაში დაპირისპირების წინაპირობა არ გახდეს.
„ყველა ხომ ხედავს, რაც ხდება. ერთი ადამაინის დაძახილი სჭირდებათ, რომ ვერის პარკში შეიკრიბონ. ისიც „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა? პარტიული აქტივი თუ რამეში მონაწილეობს, ჩვენ მოვუწოდებთ, რომ არ გააკეთონ. ვფიქრობ, ერთადერთი, რაც ჩვენ დაგვრჩენია, ხალხს მოვუწოდოთ, რომ პარტიებს შორის დაპირისპირება არ გახდეს საზოგადოებაში დაპირისპირებების წინაპიროპა“ ,- განაცხადა გია ვოლსკიმ.
ქუთაისში, „ნაციონალური მოძრაობისა“ და გაერთიანებული ოპოზიციის ოფისებს კვერცხები და ცოცხები ესროლეს.