გია ვოლსკი - პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით მთავარი დებატები დღეს იქნება
ყველაფრისთვის მზად ვართ, თუმცა კატეგორიულად ვიქნები წინააღმდეგი, რომ გარკვეულმა საპირისპირო აზრმა, თუნდაც ასეთ მნიშვნელოვან საკითხზე, გავლენა იქონიოს გუნდის ერთობაზე, რადგან ეს გუნდი კიდევ დაგვჭირდება და ვფიქრობ, საკმაოდ ეფექტურადაც ვიმუშავებთ ერთად, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, დღევანდელ შეხვედრა შედგა მსჯელობა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით.
„ვფიქრობ, უმრავლესობის უმრავლესობაა, რომელიც ამას მხარს დაუჭერს. რასაკვირველია, სარეიტინგო არ ჩავატარეთ, არ დავუჭირეთ ამას მხარი, რადგან ჯერ განხილვები არის წინ. ირაკლი კობახიძემ დღევანდელი დღისთვის დაიტოვა ის პოზიტივები, რაც გააჩნია პროპორციულ არჩევნებს, გუშინ დღის ბოლოს მოკლედ რაღაც საფრთხეებზე ილაპარაკა. დღეს იქნება მთავარი დებატები. თუკი საჭირო გახდა ამასთან დაკავშირებით რაიმე წინასწარი ანალიზი, წინასწარი შეთანხმება და კიდევ ერთხელ გავლა, ჩვენს კოლეგებთან ამის საშუალება გვექნება“, – განცხადა გია ვოლსკიმ.
მისივე თქმით, როგორც ვითარება უჩვენებს, საწინააღმდეგო პოზიცია არ გააჩნია იმ რაოდენობას, რა რაოდენობითაც არის წარმოდგენილი ოპოზიცია.
„ჩემთვის, უმრავლესობის ლიდერისთვის რთული იქნება იმის განცდა, რომ ჩვენი კოლეგები, ვინც მხარს არ დაუჭერს, რაღაცა ფორმით კენჭის ყრის დროს უნდა ჩანაცვლდნენ ამ ერთ კენჭისყრაზე ოპოზიციის მიერ. დღეს ყველაფერი ითქვა, ბიძინა ივანიშვილს ვთხოვეთ და ჩვენთან ერთად იყო. ყველაფრისთვის მზად ვართ, თუმცა კატეგორიულად ვიქნები წინააღმდეგი, რომ გარკვეულმა საპირისპირო აზრმა, თუნდაც ასეთ მნიშვნელოვან საკითხზე გავლენა იქონიოს გუნდის ერთობაზე, რადგან ეს გუნდი კიდევ დაგვჭირდება და ვფიქრობ, საკმაოდ ეფექტურადაც ვიმუშავებთ ერთად“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
კითხვაზე, სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა თუ არა, გია ვოლსკიმ აღნიშნა, რომ სხდომაზე ყოველთვის არის ხმაური და შეფასებები.
„სხდომა მშვიდი როგორ იქნებოდა, პრინციპულ საკითხებზე იყო მსჯელობა, მაგრამ ხმის აწევას ადგილი არ ჰქონია. ძალიან მივეჩვიეთ ლაპარაკს, რომ ბიძინა ივანიშვილი გარანტიას იძლევა, ეს ნარატივი არსებობს ისეთი, თითქოს ის არის ადამიანი, რომელიც ერთპიროვნულად წყვეტს, გუნდს უსმენს და გუნდი თავისი დიდი ნაწილით არის იმ პოზიციის მომხრე, რაც 92 ხელმოწერამ დაადასტურა. მაჟორიტარობა მემკვიდრეობით კი არ აქვთ. საუბარია სახელმწიფო ინტერესებთან დაკავშირებით, რაშიც მე ვერ ვეთანხმები, რადგან პრინციპული მნიშვნელობა აქვს. დარწმუნებული ვარ, „ქართულ ოცნებას“ შესაძლებლობა ექნება შეადგინოს, ჩამოაყალიბოს მთავრობა, ისინი ფიქრობენ, რომ ამასთან დაკავშირებით გარკვეული საფრთხეებია, რადგან საქართველო არ არის ის ქვეყანა ამ მოცემულობაში, რომ კოალიციური მმართველობა შედგეს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.