გია ვოლსკი - პრემიერ-მინისტრის განცხადების შინაარსი ზუსტად აღწერს არსებულ ვითარებას
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის შეფასებით, მოლაპარაკებებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების შინაარსი ზუსტად აღწერს შექმნილ ვითარებას.
ოპოზიცია ცდილობს დესტაბილიზაციის შექმნას არა მხოლოდ მოლაპარაკებებში, არამედ ნებისმიერ სხვა საკითხთან დაკავშირებით.
„პრემიერ-მინისტრის განცხადების შინაარსი ზუსტად აღწერს ვითარებას, რაც გვაქვს. ევროკავშირის სახელით კონკრეტული ადამიანი ჩამოვიდა, კონკრეტული მესიჯები ჩამოიტანა, მაგიდაზე მოგვარების გზები დადო და მიუღებელია ყველა ოპოზიციონერისთვის. ეს არის ძალა, რომელიც ცდილობს, როგორმე დესტაბილიზაცია მოახდინოს. ეს ეხება არა მხოლოდ მოლაპარაკებებს, არამედ ნებისმიერ ისეთ საკითხს, როგორიცაა პანდემია. იმავეს ეცადნენ „ცე“ ჰეპატიტზე, ფაროსანაზე. ყველა საკითხს იყენებენ, რომ საქართველო ტურბულენტურ ზონაში დარჩეს“, – განაცხადა ვოლსკიმ.
პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ხელისუფლება დროს აღარ დაკარგავს ახირებებზე, არაპროდუქტიულ მოლაპარაკებებზე და მთლიანად ორიენტირდება ხალხის პრობლემებზე.