გია ვოლსკი - პოლიტიკური კორექტულობის ნიშანია, რომ პრეზიდენტი თავისი გადაწყვეტილების შესახებ სახელმწიფო მმართველობითი ორგანოების ხელმძღვანელებს აცნობებს
ოპოზიცია თავის კომენტარებში ამ საკითხთან დაკავშირებითაც ხავსზე მოჭიდებულის შთაბეჭდილებას ტოვებს, რადგან ნორმალური, პოლიტიკური კორექტულობის ნიშანია, რომ პრეზიდენტი, გარკვეული ფორმით, თავისი გადაწყვეტილების შესახებ აცნობებს სახელმწიფო მმართველობითი ორგანოების ხელმძღვანელებს, მით უმეტეს, ასეთ მნიშვნელოვან საკითხთან მიმართებაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკი ოპოზიციის შეფასებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ოპონენტების მთავარი პრობლემა სკანდალური საკითხების ძებნაა.
„ამაში სკანდალის ძებნა, მიუხედავად იმისა, რომ სწორედ ეს არის, რასაც ისინი ელოდებოდნენ და სწორედაც ეს არის, რაც საერთაშორისო მხარდაჭერას იმსახურებს, თუნდაც იყოს იქ გარკვეულ ტერმინოლოგიაში შეუსაბამობები, მეტყველებს იმაზე, რომ ოპოზიციას ნამდვილად, რეალურად, აქვს მთავარი პრობლემა – სკანდალური საკითხების ძებნა, რომლითაც ცდილობენ, ფონს გავიდნენ ამ მათთვის უპერსპექტივო ვითარებაში“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გუშინ განაცხადა, რომ გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილს შეწყალების გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო. ამასთან, როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ მან შეატყობინა პარლამენტის თავმჯდომარეს, პრემიერსა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს.