გია ვოლსკი - პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც „ლეიბორისტულ პარტიასთან“ ერთობაში არიან, ნათელაშვილის ხეპრული განცხადებები არ უარყვიათ, თანამედროვე გერმანიის ფაშისტურ გერმანიასთან გაიგივება სკანდალური თემაა
გია ვოლსკი - პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც „ლეიბორისტულ პარტიასთან“ ერთობაში არიან, ნათელაშვილის ხეპრული განცხადებები არ უარყვიათ, თანამედროვე გერმანიის ფაშისტურ გერმანიასთან გაიგივება სკანდალური თემაა

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი გერმანიის ელჩთან დაკავშირებით „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის შალვა ნათელაშვილის განცხადებას ეხმაურება.

ვოლსკის თქმით, ომის თემაზე გერმანიასთან დაკავშირებით ნათელაშვილის განცხადება არ უარყვიათ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც დღეს „ლეიბორისტულ პარტიასთან“ ერთობაში არიან.

გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ მსგავსი განცხადებები ქვეყნის ავტორიტეტს ჩრდილს აყენებს.

„დიპლომატიური ეტიკეტია, როცა რომელიმე პოლიტიკური ლიდერი ისეთ განცხადებას გააკეთებს, რაც მან თქვა. თუნდაც ომის დაწყებაზე, გერმანია თუ გაქვთ მხედველობაში, რასაკვირველია, საგარეო საქმეთა სამინისტრო ვალდებულია, ხაზი გაუსვას, რომ ეს არ არის პოზიცია, რომელსაც იზიარებენ სხვა პოლიტიკური პარტიები. თუმცა ასეთი ხეპრული განცხადების უარყოფა არ გაუკეთებიათ ჩვენს ოპონენტ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც არიან დღეს „ლეიბორისტულ პარტიასთან“ ერთობაში. მარტო ელჩზე არ არის ლაპარაკი, აქ საუბარი იყო იმაზე, რატომ იწყებდა ომს რუსეთთან, თუ კი ესოდენ დიდი სიყვარული ჰქონდათ.

თანამედროვე გერმანიის გაიგივება ფაშისტურ გერმანიასთან არის სკანდლური თემა, რომელიც არ ვიცი, როგორ შეიძლება ჩვენ შევაფასოთ ან ამ თემასთან დაკავშირებით როგორი კომენტარი გავაკეთოთ. რაც შეეხება ელჩს, ელჩი სახელმწიფოს წარმოადგენს და არანაირი არაობიექტურობა ამ ადამიანს არ გამოუჩენია.

ეს ადამიანი ერთ-ერთი ან ერთადერთია, რომელიც თავის ნებაზე ლაპარაკობს, მის უკან სახელმწიფოა. ეს სახელმწიფო საკმაოდ ინტენსიურად და საკმაოდ მძლავრად, პოლიტიკურად და ფინანსურად ეხმარება საქართველოს, ჩვენი მეგობარი ქვეყანაა. ეს განცხადებები შიდა პოლიტიკური გამოყენებისთვის არის საჭირო, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენს ავტორიტეტს საკმაოდ  აყენებს ჩრდილს. მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ჩრდილმიყენებული ადამიანები აკეთებენ განცხადებებს“,- აღნიშნა გია ვოლსკიმ.

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, რომ გერმანიის ელჩს ივანიშვილის რეჟიმი აფინანსებს და გერმანიის მთავრობას მიმართა, „სამარცხვინო ელჩი გაიწვიონ“.

ამასთან, ნათელაშვილმა აღნიშნა: „გერმანიას აკისრია უდიდესი ვალდებულება, რომ ჩვენ დღემდე არ გვიღებენ ნატო-ში, რის გამოც რუსეთმა გაბედა ომი და ტერიტორიების წართმევა. ეს გახლავთ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისა, რომ დღემდე სათანადო შეფასება არ არის მიცემული ევროპაში საქართველოს 20 პროცენტის ოკუპაციისთვის და კვლავ აგრძელებს ბერლინი რუსეთთან ჩახუტებას. თუ ასე უყვარდა რუსეთი ბერლინს, რაღას ატეხეთ მეორე მსოფლიო ომი და რაღაზე გაგვიწყვიტეთ 400 ათასი საჯიშე ქართველი“.