გია ვოლსკი - საქართველოს პირველმა არხმა აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვით მნიშვნელოვანი და მისაბაძი გადაწყვეტილება მიიღო
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, გია ვოლსკის განცხადებით, პირველმა არხმა აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვის თაობაზე მნიშვნელოვანი და მისაბაძი გადაწყვეტილება მიიღო.
როგორც საქართველოს პირველ არხს ვოლსკიმ განუცხადა, საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაწყვეტილება არხის შესაფერისია.
„საზოგადოებრივი მაუწყებელი აზარტული თამაშების რეკლამას არ უნდა აკეთებდეს, რაც ბევრი ოჯახისთვის საკმაოდ დამაზიანებელია და ზოგიერთისთვის ტრაგიკულიც კი გამოდგა. ამას კომერციულ ტელევიზიებს სრულად ვერ აუკრძალავ. აზარტული თამაშების აკრძალვისა და შეკვეცის თაობაზე პოპულისტური გამონათქვამები მისაღები არ არის იმდენად, რამდენადაც ეს ბიზნესი მთლიანად იატაკქვეშეთში გადავა. ფაქტია, რომ ამის რეკლამირებას საზოგადოებრივი მაუწყებელი არ უნდა აკეთებდეს და სახელმწიფო დაწესებულებები ამისგან შორს უნდა იყვნენ. სახელმწიფო უწყებებში დასაქმებული ადამიანები შორს უნდა იყვნენ არა მხოლოდ ამ ბიზნესისგან, არამედ პიროვნული მონაწილეობისგან და სხვას მაგალითები უნდა მისცენ, ეს როგორც გააკეთა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“, – განაცხადა ვოლსკიმ.
საქართველოს პირველი არხი, უარს აცხადებს აზარტული თამაშების რეკლამის ეთერში განთავსებაზე. „მიუხედავად იმისა, რომ აზარტული თამაშები და ამ ტიპის რეკლამის გაყიდვა საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული არ არის და საზოგადოებრივი მაუწყებელი არ არღვევს კანონით დადგენილ ნორმებს, საკუთარი მისიიდან გამომდინარე, საქართველოს პირველი არხის უპირველესი მიზანია, უპასუხოს საზოგადოების მოთხოვნებს, ხელი შეუწყოს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და საკუთარი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, შეებრძოლოს ბოლო პერიოდში ჩვენს ქვეყანაში მძიმე სენის სახით გავრცელებულ აზარტული თამაშებისადმი დამოკიდებულებას და მავნე ჩვევას“, – აღნიშნულია პირველი არხის განცხადებაში.