გია ვოლსკი აცხადებს, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლებმა სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტა თავად მოითხოვეს და პოლიტიკურ დასჯაზე საუბარი არაადეკვატურია
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით პროცედურის დარღვევა არ ყოფილა და მისთვის გაუგებარია, რა პრეტენზია აქვს ირმა ინაშვილს.
მისივე თქმით, არსებულ ვითარებაში პოლიტიკურ დასჯაზე საუბარი არაადეკვატურია.
„სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტა ითხოვეს და მიიღეს ის, რაც მოითხოვეს. საარჩევნო სია არ გაუუქმებიათ და შესაბამისად, სიაში შემდეგი ვინც არის, მათ პარლამენტში შემოსვლის უფლება აქვთ. სხვა პარტიებთან მიმართებაში გადაწყვეტილებები თებერვლამდე არ იქნება მიღებული. არსებულ სიტუაციაში პოლიტიკურ დასჯაზე საუბარი არაადეკვატურია. პროცედურებს მივყვებით და საკუთარ თავს სასჯელი მაშინ გამოუტანეს, როცა დესტრუქციულ რეჟიმში შემოვიდნენ და თავადაც კარგად იციან, დესტრუქცია და დესტაბილიზაცია ვის აწყობს კავკასიაში, მათ შორის საქართველოში“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლებს, ირმა ინაშვილს, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძეს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა.