გია ვოლსკი - პასუხისმგებლობა უნდა აიღოს იმ ძალამ, რომელიც არის მონაწილე იმ უბედურების, რაც რუსეთმა თავს დაგვაწია, ზოგს დაიჭერენ, ზოგს ფეხში დაჭრიან, ეგ არის ოკუპაცია
პასუხისმგებლობა უნდა აიღოს იმ ძალამ, რომელიც არის მონაწილე იმ უბედურების, რაც რუსეთმა თავს დაგვაწია, ზოგს დაიჭერენ, ზოგს ფეხში დაჭრიან, ეგ არის ოკუპაცია, აბა რა გგონიათ, ოკუპაცია კარგია?, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, რაც დღეს ხდება ოკუპაციისთვის დამახასიათებელია, თუმცა მისი შეფასებით, ამას ხელი შეუწყო პოლიტიკურმა ძალამ, რომელიც მაშინ ვითარებას მართავდა.
„საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულება მოხდა და ოკუპანტს საშუალება მიეცა, აგრესია და ოკუპაცია განეხორციელებინა. ოკუპაციის დამახასიათებელი არის ის უკანონობა, რაც დღეს რეგიონში, ამ ტერიტორიებზე სუფევს, განსაკუთრებით, საოკუპაციო ხაზთან, რომელსაც რუსეთი ახორციელებს, მაგრამ მას ამ ყველაფერში ხელი შეუწყო იმ პოლიტიკურმა ძალამ, რომელიც მაშინ სიტუაციას მართავდა და იმ გეგმის საწინააღმდეგოდ წავიდა, რომელიც მაშინ აშშ-ისა და ევროკავშირს ჰქონდათ. დღეს ხდება ასეთი უკანონობები, მაგრამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს იმ ძალამ, რომელიც დღეს ყველაზე ხმამაღლა გაჰყვირის, თუმცა ამავე დროს არის მონაწილე იმ უბედურების, რაც რუსეთმა თავს დაგვაწია. ზოგს დაიჭერენ, ზოგს ფეხში დაჭრიან, ეგ არის ოკუპაცია, აბა რა გგონიათ, ოკუპაცია კარგია“? – განაცხადა ვოლსკიმ.
ზაზა გახელაძე რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზთან, სხვილოს ციხესთან დააკავეს. იგი ფეხშია დაჭრილი. მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ. საგარეო უწყება მომხდარ ფაქტს რუსული საოკუპაციო ძალების მორიგ პროვოკაციად აფასებს და კატეგორიულად მოითხოვს ზაზა გახელაძის ქართული მხარისთვის დაუყოვნებლივ გადმოცემას.