გია ვოლსკი - პარტიაში საკმაოდ კარგი ინტელექტუალური რესურსი დაბრუნდა
გია ვოლსკი - პარტიაში საკმაოდ კარგი ინტელექტუალური რესურსი დაბრუნდა

ირაკლი ღარიბაშვილის რესურსი გამოყენებული უნდა იყოს, – ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა, „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ პარტიებთან ურთიერთობის მდივანმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ღარიბაშვილის სახით პარტიაში საკმაოდ კარგი ინტელექტუალური რესურსი დაბრუნდა.

„მასშტაბური ცვლილებები არ მომხდარა. საკმაოდ კარგი ინტელექტუალური რესურსი დაბრუნდა პარტიაში. ირაკლი ღარიბაშვილი გამორჩეულია თავისი ცოდნით, განათლებით, საკითხების მიმართ დამოკიდებულებით. ამ ადამიანთან ერთადაც ვაშენებდით პარტიას. ირაკლი ღარიბაშვილის რესურსი გამოყენებული უნდა იყოს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ამასთან, დეპუტატის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა „ქართულ ოცნებაში“ პარტიებთან ურთიერთობის საკითხთა მდივნის თანამდებობის შემოღება.

„რას შეეხება პარტიებთან ურთიერთობის საკითხთა მდივნის პოსტის შემოღებას, ვფიქრობ, ესეც მნიშვნელოვანია. ეს არ ეხება მხოლოდ გია ვოლსკის, როგორც მდივნად შერჩეულ ადამიანს. ვფიქრობ, ყველას მოვალეობაა, მაგრამ კოორდინაცია ამ მიმართულებით საგანგებოდ მნიშვნელოვანია. აღნიშნული მიმართულება უახლოეს პერიოდში აქტუალური გახდება, როცა წინასაარჩევნო პერიოდი დაიწყება“, – განაცხადა ვოლსკიმ.

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „ქართულ ოცნებაში“ დაბრუნდა, ის პარტიის  პოლიტიკური მდივნის თანამდებობას დაიკავებს. მანამდე,  პოლიტიკური მდივანი გია ვოლსკი იყო, რომელიც „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ პარტიებთან ურთიერთობის მდივნად დაინიშნება.