გია ვოლსკი - პარლამენტი თბილისში ბრუნდება, თუმცა საკანონმდებლო ორგანო ქუთაისს საკმაოდ მძლავრი ფესვებით ტოვებს
გია ვოლსკი - პარლამენტი თბილისში ბრუნდება, თუმცა საკანონმდებლო ორგანო ქუთაისს საკმაოდ მძლავრი ფესვებით ტოვებს

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განმარტებით, პარლამენტი თბილისში ბრუნდება, თუმცა საკანონმდებლო ორგანო ქუთაისს საკმაოდ მძლავრი ფესვებით ტოვებს.

გია ვოლსკი გამოეხმაურა  „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგო რატიანის განცხადებას, სადაც რატიანმა აღნიშნა, რომ ქუთაისიდან თბილისში პარლამენტის გადატანა ბერია-სტალინის არქიტექტურასა და წარსულში დაბრუნებას ნიშნავს.

ვოლსკის განმარტებით, ქუთაისის პარლამენტის შენობაში განთავსდება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო და სატრანსპორტო ცენტრი, რომელიც იმერეთის რეგიონს გააძლიერებს.

ამასთან, როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, სწორედ ეს გადაწყვეტილება უძღოდა წინ პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში სრულად დაბრუნებას.

„ჩვენს საყვარელ ქალაქში ვიცხოვრეთ გარკვეული პერიოდი და ამ ქალაქს ვტოვებთ საკმაოდ მძლავრი ფესვებით. ეს არის სატრანსპორტო ცენტრი, იქნება განათლების ცენტრი და ამ შენობას გამოუჩნდება ღირსეული პატრონი, რომელიც არ მიატოვებს. მთავარია, ადგილზე გაცილებით უფრო ინტენსიურად და სწრაფად იმუშაონ სტრუქტურებმა. ბერიასა და სტალინთან მოხსენიება და იმ შენობასთან დაკავშირება არის ერთ-ერთი ფანდი, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ მიმართავს, უკაცრავად, ახალი „ნაციონალური მოძრაობა“. სერგოს ეტყობა, არ უნახავს და არქივებში ჩაიხედეთ, უახლეს პერიოდში, კომკავშირული სულისკვეთება, აი, მაგ განცხადებებშია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგო რატიანის თქმით, პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადატანა არის წარსულისკენ გადადგმული ნაბიჯი. სერგო რატიანმა პარლამენტის თბილისში სრულად დაბრუნებას ბერია-სტალინის არქიტექტურაში დაბრუნება უწოდა.

საგაზაფხულო სესიიდან საქართველოს პარლამენტი საქმიანობას სრულად თბილისში განაგრძობს. ქუთაისის პარლამენტის შენობაში კი, საპოლიციო ჰაბი შეიქმნება.