გია ვოლსკი - პანკისის ხეობის სახალხო კრების განცხადება დიპლომატიური გზებისკენ მოწოდებაა
გია ვოლსკი - პანკისის ხეობის სახალხო კრების განცხადება დიპლომატიური გზებისკენ მოწოდებაა

პანკისის ხეობის სახალხო კრების განცხადება დიპლომატიური გზებისკენ მოწოდებაა და მიმაჩნია, რომ საკითხზე სიღრმისეული დაფიქრება გვმართებს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო ბევრი შიდა და გარე გამოწვევის წინაშეა და ხალხთა შორის თანხმობისთვის ყველაფერი უნდა გაკეთდეს.

„გამოცდილება გვკარნახობს, რომ პოლიტიკა, რომელიც გულისხმობს ორი „ტრუპის“ მოტანას, სახლის გადაწვასა და სროლას, გაუმართლებელია, მით უმეტეს, იმ პირობებში, რაშიც დღეს საქართველო იმყოფება. ძალიან ბევრი შიდა და გარე გამოწვევის წინაშე ვდგავართ. კრების განცხადება დიპლომატიური გზებისკენ მოწოდებაა და ვფიქრობ, საკითხზე სიღრმისეული დაფიქრება გვმართებს, არა მხოლოდ შერიგების თემაზე, არამედ სამომავლო პოლიტიკაზე, როგორ უნდა განვითარდეს ჩვენი სტრატეგიული ხედვები იგივე პანკისის ხეობასთან მიმართებაში, იგივე დავით გარეჯთან დაკავშირებით. ეს საქართველოს ისტორიაში საკვანძო მომენტია და შეცდომის უფლება არ გაგვაჩნია. რეგიონსა და მსოფლიოში ვითარება რთულია და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ იმ ხალხთა შორის თანხმობა იყოს, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე ცხოვრობს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

21 აპრილის მოვლენებთან დაკავშირებით პანკისის ხეობაში „სახალხო კრება“ გაიმართა, რომელზეც მიმართვის ტექსტი შეიმუშავეს. მიმართვის ტექსტი სოციალურ ქსელში გავრცელდა. „მივმართავთ ხელისუფლებას, ქართულ საზოგადოებას, დიპლომატიურ კორპუსსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, რათა მონაწილეობა მიიღონ 21 აპრილს პანკისის ხეობაში შექმნილი კრიზისის დაძლევაში და საკუთარი მანდატის ფარგლებში განახორციელონ პოზიტიური ინტერვენცია საკითხის თანამშრომლობის გზით მოგვარებაში. ამავდროულად, გამოვხატავთ დიდ წუხილსა და ღრმა გულისწყვეტას სოფელ ძიბახევში განვითარებული პროცესების გამო“, – აღნიშნულია მიმართვაში.