გია ვოლსკი - ოპოზიციონერს სააკაშვილის ხელწერით არ უნდა მოეპყრა, სასიკვდილოდ არ უნდა იმეტებდე, მაგრამ რეალობაში ნავალნი ის პიროვნება არ არის, რომელიც საქართველოსთვის ოდესმე რაიმე პოზიტივს გამოხატავდა
გია ვოლსკი - ოპოზიციონერს სააკაშვილის ხელწერით არ უნდა მოეპყრა, სასიკვდილოდ არ უნდა იმეტებდე, მაგრამ რეალობაში ნავალნი ის პიროვნება არ არის, რომელიც საქართველოსთვის ოდესმე რაიმე პოზიტივს გამოხატავდა

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის დაკავებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ოპოზიციონერს არ უნდა სდევნიდნენ და სასიკვდილოდ იმეტებდნენ.

ამასთან, გია ვოლსკის თქმით, მას შემდეგ, რაც საქართველოში რუსეთის საოკუპაციო ძალები შემოვიდნენ, რუსმა ოპოზიციონერმა, ალექსეი ნავალნიმ საქართველოს მიმართ საკმაოდ მძიმე განცხადებები გააკეთა. როგორც ვოლსკი აღნიშნავს, ნავალნის საქართველოსთან დაკავშირებით რაიმე პოზიტიური პოლიტიკური პოზიცია არასდროს გამოუხატავს.

„მის მიმართ მკაფიო შეფასებები არც ოპოზიციის მხრიდან გამიგია. როგორც მახსოვს, ალექსეი ნავალნიმ საქართველოს მიმართ საკმაოდ მძიმე განცხადებები გააკეთა მას შემდეგ, რაც რუსეთის საოკუპაციო ძალები საქართველოში შემოიჭრნენ. იგივე იყო უკრაინისა და ყირიმის მიმართ. შეიძლება ითქვას, რომ ოპოზიციონერს ასეთი ფორმით არ უნდა სდევდე და სასიკვდილოდ არ უნდა იმეტებდე, როგორც ეს სააკაშვილის ხელწერისთვის იყო დამახასიათებელი, მაგრამ რეალობაში, ნავალნი ის პიროვნება არ არის, რომელიც თავისი პოლიტიკური პოზიციით საქართველოსთვის რაიმე პოზიტივს გამოხატავდა ოდესმე, პირიქით გაგვიგია.

ოპოზიციონერს სააკაშვილის ხელწერით არ უნდა მოეპყრო – ჩაახშო, ინვალიდად აქციო, წელს ქვემოთ მოწყვიტო და ამის თაობაზე ნიანგის ცრემლები დაღვარო კონკრეტული ტელეარხის მეშვეობით. რა თქმა უნდა, ოპოზიციონერის მიმართ არასწორია ასეთი ქმედება, მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, თუ რას გვიქადდა ნავალნი, როცა უკრაინასა და საქართველოზე საუბრობდა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 17 იანვარს დააკავეს.