გია ვოლსკი - ოპოზიციასთან დიალოგი არ უნდა იყოს დაკავშირებული სამართლებრივ საკითხებთან, ამისთვის შეუძლიათ, სტრასბურგის სასამართლოს მიმართონ
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ საარჩევნო სისტემის შეცვლის მიზნით, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკება უნდა გაიმართოს, თუმცა ეს არ უნდა იყოს დაკავშირებული სამართლებრივ საკითხებთან.
ჟურნალისტებთან საუბარში გია ვოლსკი დიალოგის წარმართვის თაობაზე ოპოზიციის მხრიდან უარის თქმას გამოეხმაურა.
„მომართვა, რომელიც საზოგადოებაში ვრცელდება, შემდეგი შინარსიის არის – „ქართულმა ოცნებამ“ და მისმა ლიდერებმა გენერალური პროკურატურა უნდა გამოიძახონ ან სხვა ფორმით მითითება მისცენ, რომ მხოლოდ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები – მერები, მერების მოადგილეები, საკრებულოს თავმჯდომარეები ფინანსური დანაშაულისთვის გაასამართლოს და ხელი არ ახლოს ადამიანს, თუ ის ოპოზიციას წარმოადგენს. ხელისუფლების მიმართ დაახლოებით ასეთი სპეკულაციური შეთავაზება კეთდება. არ ვფიქრობ, რომ მოლაპარაკება, რომელიც უნდა გაიმართოს, დაკავშირებული უნდა იყოს სამართლებრივ საკითხებთან. თუ ამ თემაზე კითხვები არსებობს, შეუძლიათ, სტრასბურგის სასამართლოს მიმართონ და კვალიფიციური გადაწყვეტილება მიიღონ“, – განაცხადა ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 10 თებერვალს თბილისის ყოფილ მერს, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერ გიგი უგულავას თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე სამი წლითა და ორი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
უზენაესი სასამართლოს განაჩენი ცნობილი გახდა მაშინ, როცა „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში საარჩევნო სისტემის შესახებ ოპოზიციის წარმომადგენელთა შეხვედრა მიმდინარეობდა, რომელშიც უგულავაც მონაწილეობდა.
შეხვედრის შემდეგ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, რომ დიალოგის მეხუთე რაუნდი არ იქნება. „წყდება ყველანაირი მოლაპარაკებები, კონსულტაციები და რაუნდები, გადავდივართ სახალხო დაუმორჩილებლობის დიდი ტალღის მომზადებაზე“.