გია ვოლსკი - ოპოზიცია არის დაპირისპირებული ადამიანების ჯგუფი, რომელიც დღეს მხოლოდ იმ მოტივით არის გაერთიანებული, რომ როგორმე კრიზისული სიტუაცია შეიქმნას
ოპოზიცია არის დაპირისპირებული ადამიანების ჯგუფი, რომელიც დღეს მხოლოდ იმ მოტივით არის გაერთიანებული, რომ როგორმე კრიზისული სიტუაცია შეიქმნას, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს ოპოზიციის შიდა დაპირისპირებასთან დაკავშირებით განუცხადა.
მისივე თქმით, ამის მიუხედავად, მათ რიგებში გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც ამომრჩევლის მიმართ პასუხისმგებლობა იგრძნეს.
„ოპოზიცია განხეთქილებასა და დაპირისპირებას არ მალავს. ახლა უნდათ, წარმოადგინონ ისე, რომ ალეკო ელისაშვილი არაფერს წარმოადგენს და თვითონ ერთ მუშტად არიან შეკრული. მე ვიტყოდი, რომ სხვაც ბევრი ხმაურიანი დაპირისპირება მოხდა. ამასთან, თუკი გაერთიანება კიდევ არსებობს, ის არსებობს იმ პლატფორმაზე, რომელსაც დესტრუქცია ჰქვია და რომელსაც შეუძლია, სერიოზული ზიანი მოუტანოს ქვეყანას. ოპოზიციაში ეკლექტიკა არსებობდა და დღესაც არსებობს. ღმერთმა ნუ ქნას, ოდესმე ამ გაერთიანებას მიეცეს მართვის სადავეები ან რაღაც ნაწილი მაინც ჩაიგდოს ხელში. ეს არის დაპირისპირებული ადამიანების ჯგუფი, რომელიც დღეს მხოლოდ იმ მოტივით არის გაერთიანებული, რომ როგორმე დესტრუქციამ მიიღოს განვითარება და საბოლოო ჯამში, კრიზისული სიტუაცია შეიქმნას.
ვფიქრობ, ამ მიზანს ვერ მიაღწევენ, თუმცა მათ შორისაც გამოჩნდნენ სუბიექტები, რომლებსაც გაცილებით მაღალი პასუხისმგებლობა აქვთ თუნდაც ამომრჩევლის მიმართ, ვიდრე იმ ადამიანებს, ვინც დღეს ერთიანობასა და ოპოზციის უძლეველობაზე საუბრობს
ანტიპატიის მიუხედავად, ვფიქრობ ალეკო ელისაშვილს გათავისებული აქვს ის პასუხისმგებლობა, რომელიც საზოგადოებამ გადასცა მანდატის სახით. თუკი ალეკო ელისაშვილმა გადაწყვიტა, რომ სხვა გზა აირჩიოს, ეს არ არის რევერანსი ვინმეს მიმართ, ეს არის პასუხისმგებლობა, რომელიც უნდა გააჩნდეს პოლიტიკურ სუბიექტს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არანაირი სიმპათია მის ან მისი პოლიტიკური ძალის მიმართ არ გაგვაჩნია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ
ვოლსკის თქმით, საქართველოში დესტაბილიზაციის შექმნა არა მხოლოდ ოპოზიციას, არამედ რუსეთსაც სურს.
„გარდა ამისა, ამ დესტაბილიზაციას საკმაოდ ფართო ფესვები აქვს და ეს საქართველოს მიღმა, რეგიონში გადის. საკმაოდ ნეგატიური პროცესები ვითარდება და იმის მონდომება, რომ საქართველოს სიტუაცია შეირყეს, აქვს არა მხოლოდ ოპოზიციას, არამედ გარეშე ძალებსაც – რუსეთს. საოკუპაციო ძალა ამაზე იზრუნებს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.