გია ვოლსკი - ოპოზიცია ამბობს, მომელაპარაკე, რომ უნდა წახვიდე, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს, სალომე ზურაბიშვილი არ იყოს პრეზიდენტი, რაც მიუღებელია
ოპოზიცია ამბობს, მერე რა, რომ წავაგეთ, დავჯდეთ და მოვილაპარაკოთო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ პირველი არხის გადაცემაში „მოამბე-დღის თემა“ განაცხადა.
„780 000 ბევრია და ყველას აზრს პატივს ვცემ. ხელისუფლება ყველასი უნდა იყოს და არ უნდა ითვალისწინებდეს, ვინ ვისი მხარდამჭერია, მაგრამ რეალურად, დაჯექი მომელაპარაკე იმაზე, რომ შენ უნდა წახვიდე, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს, სალომე ზურაბიშვილი არ იყოს პრეზიდენტი, მიუღებელია. შეიძლება, ულტრირებას ვუკეთებ, მაგრამ ძირითადად ხომ ეს სურათია?!“, – განაცხადა ვოლსკიმ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა საკითხზე შეიძლება, ხელისუფლებასა და გაერთიანებულ ოპოზიციას შორის დიალოგი დაიწყოს, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა, რომ ოპოზიციას საშუალება აქვს, პარლამენტში თავისი მოსაზრება ნებისმიერ საკითხზე შეიტანოს, მაგრამ პროპორციული არჩევნების ჩატარება მაშინ, როდესაც პოლიტიკურ პარტიებს შორის დაპირისპირების ასეთი ხარისხი არსებობს, ნიშნავს იმას, რომ უმრავლესობა ვერც ერთმა პარტიამ ვერ უნდა აიღოს და იძულებული გახდეს, მთავრობა სხვა პარტიასთან პოლიტიკური გარიგებით შექმნას-დააკომპლექტოს.
„ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა შევუთანხმდეთ „ნაციონალურ მოძრაობას“, თუ როგორ შევქმნათ მთავრობა მასთან ერთად. უნდა დაუჯერო „ნაციონალურ მოძრაობას“, რომელიც ომით გვემუქრება და რომელსაც ხელები სისხლში აქვს გასვრილი. გეტყვის, მაგალითად, საგარეო საქმეთა მინისტრის პორტფელი მინდა და თუ არ მომცემ, თქვენთან არ შევიკვრები და კოალიციურ მთავრობას არ შევქმნით. ახლახან ეს კრიზისი გერმანიამ გადაიტანა, მაგრამ თუ გერმანიას შევედრებით, ვფიქრობ, არასწორი შედარებაა“, – განაცხადა ვოლსკიმ.
მისი თქმით, ამ გაერთიანებულ ოპოზიციაში მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობაა“.
„პაატა დავითაიამ, ბაჩუკი ქარდავამ, ნიკა მაჭუტაძემ და სხვებმა არ მიწყინონ, მაგრამ თვითონაც იციან, რომ მათ პოლიტიკური პარტიები არ ეწოდება. ამიტომ, წამყვანი ძალა იქ „ნაციონალური მოძრაობაა“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
როგორც ვოლსკიმ განაცხადა, მილიონ 150 000 კაცს რომ კარტოფილს დაუძახებ და კოჭების დახვრეტით დაემუქრები, ეს მილიონ 150 000 კაცი თუ არა, მისი საკმაო რაოდენობა მაინც მიგითითებს, რომ ამ ხალხთან ლაპარაკი არ შეიძლება, მით უმეტეს – იმათთან, ვინც სულ ახლახან დესტაბილიზაციას გვპირდებოდა.
„ახლა შეცვალეს რიტორიკა. თავად ვაშაძე არის ადამიანი, რომელიც ხან ამბობს, ომი აგვისტოს პირველ რიცხვში დაიწყოო, 4 აგვისტოს კი ხალხს არწმუნებდა, არაფერი არ ხდება და რუსეთი არ შემოდისო. ამ პოზიციის გამო კი უამრავი ადამიანი დაიხოცა“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.