გია ვოლსკი - ოდირის მთავარი რეკომენდაციაა, პარლამენტში წარმომადგენლობითობის ბალანსი იყოს ისეთი, რომ სტაბილურობას საფრთხე არ შეექმნას
გია ვოლსკი - ოდირის მთავარი რეკომენდაციაა, პარლამენტში წარმომადგენლობითობის ბალანსი იყოს ისეთი, რომ სტაბილურობას საფრთხე არ შეექმნას

ეუთო/ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით ერთი შეიძლება ცალსახად ითქვას, მოლოდინისგან, რომელიც ოპოზიციას ჰქონდა, პრაქტიკულად არ დარჩა არც ერთი წვეთი, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, დასკვნაში არ არის საუბარი მხოლოდ პარტიათა წარმომადგენლობითობის უზრუნველყოფაზე, აქ საუბარია, რომ პარლამენტში წარმომადგენლობითობის ბალანსი ისე უნდა იყოს შედგენილი მაჟორიტარულ სისტემაშიც, პროპორციულ სისტემაშიც, რომელიც არის აბსოლუტურად კანონიერი, რომ სტაბილურობას არ შეექმნას რაიმე საფრთხე.

„ეს არის მთავარი თემა, რასაც ხაზს უსვამს ეუთო/ოდირის დასკვნა. აქ ნებისმიერი მანიპულაცია, ნებისმიერი სპეკულაცია არის ძალიან შორი. ჩვენი შეხვედრები, როგორც ადრე არაერთხელ აღვნიშნე, არის გამიზნული, რათა როგორმე ლოგიკა ვიპოვოთ იმაში, რასაც ჰქვია საარჩევნო სისტემა. რასაკვირველია, ოდირი აძლევს ყველას რეკომენდაციას, რომ არანაირი ცვლილება, რომელიც მოითხოვს საკონსტიტუციო ცვლილებას, არ განხორციელდეს. ეს არის ერთ-ერთი ფუნდამენტური მოთხოვნა, ვინაიდან ქვეყნის სტაბილურობაზეა საუბარი და ამასთან დაკავშირებით არის ეს რეკომენდაციაც შემუშავებული. ჩვენ თუ ვსხდებით მოლაპარაკების მაგიდასთან, გვინდა საზოგადოებას, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, თუნდაც ოპოზიციურ მხარეს დავანახოთ, რა გვინდა რეალურად. როდესაც შევთავაზეთ მათ პროპორციული არჩევნების სისტემა, სავსებით გულწრფელად, რაღაც კონსენსუსს მოველოდით და არა იმას, რომ თავზე დაიმხეს ქვეყანა, პრაქტიკულად აღარ დატოვეს არც ერთი კუთხე-კუნჭული, სადაც დესტაბილიზაცია არ შემოიტანეს. აქედან გამომდინარე, რეალურად შეიქმნა საფრთხე, რომ ეს სისტემა, რომელსაც ესოდენ მხარს უჭერს ოპოზიციური მხარე, არის მათ ხელში ძალიან დესტრუქციული და ქვეყნის სტაბილურობისთვის საშიში. ამაზე კიდევ ერთი მითითება არის ეუთო/ოდირის დასკვნაში. სამართლებრივ სფეროში ვინც მიშაობს და კონსტიტუციონალისტებისათვის იქ შეკითხვა არ არსებობს, შეესაბამება თუ არა პროპორციული სისტემა არსებულ კონსტიტუციას. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არ არის მთავარი, მთავარი რეკომენდაცია არის, რომ წარმომადგენლობითობა უზრუნველყოფილი უნდა იყოს გამარჯვებული პოლიტიკური ძალისთვის უმრავლესობისა და სტაბილური მთავრობის შექმნის გარანტიით. აი, ეს გარანტია არ არის იმ წინადადებებში, რასაც ჩვენი ოპონენტები გვთავაზობენ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილების პროექტთან დაკავშირებით ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ოდირი) დასკვნა გამოქვეყნდა. დასკვნაში წერია, რომ საარჩევნო სისტემის არჩევა არის სახელმწიფოს სუვერენული გადაწყვეტილება, ორივე პრინციპი, მაჟორიტარულიც და პროპორციულიც, ასევე მათი კომბინაციით მიღებული შერეული სისტემა არის ლეგიტიმური არჩევანი.

დოკუმენტის თანახმად, საარჩევნო სისტემის არჩევისას არის ორი განსხვავებული ინტერესის ბალანსი: წარმომადგენლობითობის პრინციპის პატივისცემა (რომელიც დაცულია პროპორციულობის პრინციპით); ან უმრავლესობების შექმნის ხელშეწყობა, რაც მთავარ პოლიტიკურ კოალიციას მართვის საშუალებას აძლევს.

ამასთან, როგორც დასკვნაშია აღნიშნული, საერთაშორისო პრაქტიკის რეკომენდაციით, საარჩევნო კანონმდებლობის საკვანძო ასპექტები არ უნდა ექვემდებარებოდეს ცვლილებას, როდესაც არჩევნებამდე ერთ წელზე ნაკლებია დარჩენილი.

ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის დოკუმენტში ნათქვამია, რომ კანონმდებლობის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ეროვნულ სასამართლოებზეა დამოკიდებული.