გია ვოლსკი - ნიკა მელიას საპატიმროში ყოფნა სჭირდება „ნაციონალურ მოძრაობას“, რომ ამ თემაზე სპეკულაცია მუდმივად გაგრძელდეს
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ნიკა მელია საპატიმროში სჭირდება, რათა ამ თემაზე სპეკულაცია მუდმივად გაგრძელდეს.
როგორც ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, „ქართული ოცნებისთვის“ ნიკა მელიას პატიმრობას არავითარი პოლიტიკური დივიდენდი არ მოაქვს.
„თემის მიმართ ჩვენი პოლიტიკური დამოკიდებულება ერთია, მაგრამ ამ საქმის სამართლებრივი მხარე გარკვეულ პროცედურებს მოითხოვს. მთელი პარტიული ადვოკატურაა, რომელსაც მიაჩნია, რომ ნიკა მელიას პატიმრობაში ყოფნა გაცილებით მეტ ზიანს მოუტანს არა მხოლოდ „ქართულ ოცნებას“, არამედ საზოგადოებაში გაცილებით მეტ დაძაბულობას შექმნის. სამართლებრივ ველზე გარკვეული პოლიტიკური შეხედულებები ეჯახება. კანონი უნდა აღსრულდეს, ოპონენტები ფიქრობენ, რომ კანონის აღსრულება სწორედ მათ იდეას ეწინააღმდეგება და იდეა არის იმაში, რომ არ არსებობს კანონი, სასამართლო და სასამართლო სტრუქტურები, რომელსაც შეიძლება, დაემორჩილონ. ვის სჭირდება ნიკა მელიას საპატიმროში ყოფნა? – ეს სჭირდება „ნაციონალურ მოძრაობას“, რათა ამ თემაზე სპეკულაცია მუდმივად გაგრძელდეს“, – განაცხადა ვოლსკიმ.
დეპუტატის თქმით, ადვოკატები დემონსტრაციულად ითხოვენ და ცდილობენ, რომ მელია საპატიმროში დარჩეს, ამით კი ჩიხური ვითარება შექმნან, რათა მოლაპარაკების მაგიდასთან არ მივიდნენ.
„სურათი შემდეგია – ერთნი ცდილობენ, რომ მოლაპარაკებების პროცესი ჩიხში შეიყვანონ, ჩვენ და საერთაშორისო თანამეგობრობა ვცდილობთ, ამ ჩიხიდან გამოვიდეთ. ხელისუფლებას შეუძლია თუ არა გავლენა მოახდინოს სასამართლოს გადაწყვეტილებაზე? – ამბობენ, რომ შეუძლია და უბრძანე სასამართლოს, გამოუშვასო. არც ერთი ფასილიტატორი და მედიატორი არ დათანხმდება იმას, რომ მის სახელმწიფოში სასამართლოს ბრძანებას მთავრობა აძლევდეს. ეს არის მთავარი ნიუანსი, რაშიც მოლაპარაკების ხელშემწყობი ხალხი და ქართული საზოგადოებაც კარგად გაერკვნენ. რომ დაანონსო, სახელმწიფო და კანონი არ კანონობს, ეს არის მთავარი აზრი, რომლის უკან ყველა პროცესი მიმდინარეობს. რასაკვირველია, მოლაპარაკებას პერსპექტივა გააჩნია. თუ მოლაპარაკებაზე არ მოვლენ, დამტკიცდება ის, რომ სააკაშვილის ინტერესებში თუნდაც რიგგარეშე არჩევნები არ არის. ამას (მოლაპარაკებებზე უარს) ქართული საზოგადოების გარდა, ის საზოგადოებაც არ დაუშვებს, რომელიც პრაგმატულად, პოლიტიკურად და თუნდაც უსაფრთხოების ჭრილში დაინტერესებულია, რომ საქართველოში მოლაპარაკება შედგეს. ეს არ უკავშირდება მხოლოდ საქართველოში არსებულ შიდა ვითარებას, ეს პასუხობს საკმაოდ მძიმე რეგიონალურ პრობლემებს, მოლაპარაკების აუცილებლობა მაქვს მხედველობაში და ამაზე უარის თქმა ნებისმიერ მხარეს საკმაოდ გაუჭირდება“, – აცხადებს ვოლსკი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა 20-21 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში ბრალდებული ნიკა მელია პატიმრობაში დატოვა.