გია ვოლსკი - ნიკა მელიას საკმაოდ მძიმე ბრალდებები ჰქონდა, მთელმა მსოფლიომ იცის, როდესაც ბრალდებულია, ავტომატურად წყდება უფლებამოსილება
ნიკა მელიას საკმაოდ მძიმე ბრალდებები ჰქონდა და აქტივობებიც საკმაოდ განახორციელა. მისი აქტივობები არაფერ შუაში არ არის. მთელმა მსოფლიომ იცის, რომ რეგლამენტის მიხედვით, როდესაც ბრალდებულია, ავტომატურად წყდება უფლებამოსილება. ან სხვა გარემოება როდესაც არსებობს, განცხადებას წერს, ან უგზოუკვლოდ იკარგება. ჩამონათვალია და მათ შორის ერთ-ერთი ეგ მუხლია, თუ რატომ შეიძლება პარლამენტმა უფლებამოსილება შეუწყვიტოს დეპუტატს. პრაქტიკულად, ეს მექანიკური გადაწყვეტილებაა და არა შინაარსობრივი“,- განაცხადა ვოლსკიმ.
კითხვაზე, ხომ არ ჰქონდა ადგილი შურისძიებას ნიკა მელიას მიმართ, ვოლსკი აცხადებს, რომ შურისძიება, იმ რეჟიმს ახასიათებდა, რომელთა ინტერესებსაც ნიკა მელია ყოველთვის ატარებდა.
„შურისძიება, წამება, შეურაცხყოფა, ღირსების წართმევა, სიცოცხლის წართმევა. ეს არის ის, რაც ახასიათებს იმ რეჟიმს, რომელთა ინტერესებსაც ყოველთვის ატარებდა ნიკა მელია. ყოველთვის, მის წინა სამსახურშიც, ახლაც და პარლამენტის შტორმის დროსაც“,- განაცხადა გია ვოლსკიმ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა. ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უყარეს კენჭი. სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას 88 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი არც ერთი იყო.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბანკი ,,ქართუს“ ხელოვნურად გაკოტრების ბრალდების საქმეზე, ბრალდებულის, ნიკანორ მელიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი 2 დეკემბერს დაადგინა. ნიკა მელიას სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 25 000 ლარის ოდენობით. მასვე, ორი წლის და სამი თვის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.
კონსტიტუციის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი შეიძლება, გახდეს.