გია ვოლსკი - ნიკა მელიას დაპატიმრება თავიდანვე „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმის ნაწილი იყო, პარტიის ლიდერის დაკავება დაძაბულობას განაპირობებს და მათი მიზანიც ეს იყო
ნიკა მელიას დაპატიმრება თავიდანვე „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმის ნაწილი იყო, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
რაც შეეხება მოლაპარაკებებს, ვოლსკიმ აღნიშნა, რომ მისი წარმატებით დასრულების მოლოდინია.
„ნიკა მელიას ციხიდან არ გამოსვლაზე ასეთი გააფთრებული ბრძოლა სერიოზული საფუძველია ვიფიქროთ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არანაირი მოლაპარაკება არ აინტერესებს. სამართლებრივი გზა, რომ ნიკა მელიამ თანხა გადაიხადოს და ამის შემდეგ გათავისუფლდეს, რეალურია. მელიას დაპატიმრება თავიდანვე მათი გეგმის შემადგენელი ნაწილი იყო. რასაკვირველია, როცა პარტიის ლიდერი დაკავებულია, ეს დაძაბულობას განაპირობებს და მიზანიც სწორედ ეს იყო. „დაიჭირეთ მელია“ – ეს იყო მოწოდება და ეს მოწოდება ახლაც აქტუალურია.
მოლაპარაკებებთან დაკავშირებით მოლოდინი გვაქვს, რომ პროცესი წარმატებით დასრულდება. ვერავინ უარყოფს, რომ ხუთ ძირითად თემაზე გვაქვს პოზიტიური მოსაზრება, რათა ქვეყანა ამ ხელოვნურად შექმნილი კრიზისიდან გამოვიდეს.
„ნაციონალურ მოძრაობას“ ქვეყანა ეკონომიკური, სოციალური ვითარების დამძიმებისკენ მიჰყავს და ცდილობს, სხვა პარტიებიც ამ მიზანს დაუქვემდებაროს”, – განაცხადა ვოლსკიმ.