გია ვოლსკი - ნაცვლად პროფესიონალური რჩევებისა, არასამთავრობოები პოლიტიკური შეფასებების ისეთ პლატფორმაზე შემოდიან, სადაც არ უნდა იყვნენ
არასამთავრობო ორგანიზაციებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ საკითხზე მსჯელობის გარეშე გადაწყვეტილებები არ მიიღება, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ აღნიშნა „კოალიცია გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, მსჯელობის გარეშე გადაწყვეტილების მიღება არც მანამდე იყო დაგეგმილი და არც ახლა იგეგმება.
კითხვაზე – არასამთავრობოები „ქართულ ოცნებას“ აკისრებენ პასუხისმგებლობას და ამბობენ, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების სია „ქართული ოცნების“ ლიდერთან, ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული, ვოლსკი აცხადებს, რომ არასამთავრობო სექტორი პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს.
„ნაცვლად იმისა, რომ პროფესიონალური რჩევები მოგვცენ, შემოდიან პოლიტიკური შეფასებების ისეთ პლატფორმაზე, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციები არ უნდა იმყოფებოდნენ. რა იციან ვისთან არის სია შეთანხმებული ან რატომ გამოთქვამენ ისეთ აზრებს, რაც საზოგადოებისთვის არის დამატებითი საფიქრალისა და პრობლემის შემქმნელი. პრობლემა არ აკლია ქვეყანას“, – განაცხადა ვოლსკიმ და აღნიშნა, რომ მსგავსი განცხადებების არც პათოსი ესმის და არც საფუძველი, თუმცა მიზანთან მიმართებაში სერიოზული ეჭვები ჩნდება.
რაც შეეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევას, ვიცე-სპიკერის თქმით, მსჯელობა უნდა გაიმართოს არა მხოლოდ კრიტერიუმებზე, არამედ კრიტერიუმების შემუშავების ადგილზეც, ეს უნდა იყოს კომიტეტი, კონსულტაციები უმრავლესობა-უმცირესობასთან ერთად, ექსპერტების საბჭო თუ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებლობის დემონსტრირება მოხდეს.
„ამ სიის პარლამენტში შემოტანა იყო საკითხი, რაზეც გვქონდა დავა ვენეციის კომისიასთან. ვენეციის კომისიას ისევე, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის კომპეტენტურ სტრუქტურებს, მიაჩნია, რომ საერთოდ ეს სისტემა უნდა იყოს დამოუკიდებელი თავისი უარყოფითი და დადებითი მხარეებით, საზოგადოებამ უნდა შეაფასოს, რამდენად სანდოა სასამართლო ხელისუფლება ისევე, როგორც საკანონმდებლო თუ აღმასრულებელი“, – განაცხადა ვოლსკიმ.
როგორც მან აღნიშნა, პასუხისმგებლობას არავინ ირიდებს, თუმცა ბევრს ადამიანს ამ თემის პოლიტიკური მიზნებით გამოყენება სურს.
„პასუხისმგებლობას არავინ იცილებს, მაგრამ ფაქტია, რომ განსაკუთრებით ოპოზიციიდან, ასევე არასამთავრობო სექტორიდან ბევრი ადამიანია, ვისაც სურს, ეს თემა პოლიტიკური მიზნებით გამოიყენოს“, – აღნიშნა ვიცე-სპიკერმა.
კითხვაზე, როგორია მისი პოზიცია წარდგენილ სიაზე და ემთხვევა თუ არა ის უმრავლესობის დეპუტატ ეკა ბესელიას არგუმენტებს, ვოლსკი ამბობს, რომ კონკრეტულ პიროვნებებზე პოზიცია ჯერ ჩამოყალიბებული არ აქვს.
„სიის პიროვნულ შემადგენლობასთან დაკავშირებით არ მაქვს ჩემი აზრი ჯერ ჩამოყალიბებული. გარკვეული ინდიკატორები არსებობს ყველა საკითხთან დაკავშირებით. სიის შემადგენლობაზე არ მაქვს საუბარი, რატომ არის ასეთი გააფთრებული შეტევა იგივე „ნაციონალური მოძრაობისგან“ სტრუქტურაზე, რომელიც გუშინ მთლიანად ხელში ჰქონდათ აღებული. მათი მკაცრი ზედამხედველობის ქვეშ, ყოველგვარი უფლებების გარეშე მუშაობდა და დღეს ვითარება შეცვლილია; რატომ არის, რომ დღეს ჩვენი სასამართლო სისტემა მსოფლიოს პირველ ოცეულშია და არასამთავრობო ორგანიზაციები მაინც უკმაყოფილო არიან“, – აღნიშნა ვოლსკიმ.
ვიცე-სპიკერი მიიჩნევს, რომ ამ საკითხით სკანდალის შექმნა სწორი არ არის.
„მიკვირს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური ძალების, რომლებიც ცდილობენ, ქვეყანაში სტრესული სიტუაციის შექმნით პოლიტიკური დივიდენდი მიიღონ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
„კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ მოუწოდებს პარლამენტს, სასწრაფოდ დაიწყოს მუშაობა „საერთო სასამართლოების შესახებ” ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებზე, რომლითაც განსაზღვრავს, როგორც უზენაესი სასამართლოს მოსამართლის მაღალი სტატუსის შესაბამის დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, ისე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა ნომინირების წესს. მანამდე კი, უარი უნდა თქვას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უკვე დასახელებული კანდიდატურების განხილვაზე.