გია ვოლსკი - „ნაცმოძრაობის“ კლასტერს ზოგიერთი პოლიტიკური მოძრაობა შეუერთდა, რომელიც არსებულ ვითარებაში პოლიტიკურ გამორჩენას ელოდება
გია ვოლსკი - „ნაცმოძრაობის“ კლასტერს ზოგიერთი პოლიტიკური მოძრაობა შეუერთდა, რომელიც არსებულ ვითარებაში პოლიტიკურ გამორჩენას ელოდება

სამწუხაროა, რომ „ნაცმოძრაობის“ კლასტერს ზოგიერთი პოლიტიკური მოძრაობა შეუერთდა, რომელიც არსებულ ვითარებაში პოლიტიკურ გამორჩენას ელოდება და ქვეყნისა და ხალხის წინაშე პასუხისმგებლობა დავიწყებული აქვს – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რომელიც პარტნიორების მიმართ ოპოზიციური პარტიების მიერ გაგზავნილ წერილს გამოეხმაურა.

ვოლსკის თქმით, ოპოზიციის ინტერესი არჩევნების ჩატარებაში არ მდგომარეობს.

„ოპოზიციას თემად აქვს, რომ ვიღაც არის პოლიტპატიმარი, მაგრამ საუბარია ადამიანზე, ვინც ათეულობით მილიონი თანხა მოპარა ბიუჯეტს, ან თუნდაც, საუბარია იმ ადამიანებზე, ვინც ორგანიზებულად უტევდა პარლამენტს, რათა შიგნით შემოჭრილიყვნენ. ეს საკითხი არის წინ წამოწეული და კვლავ ძველ თემას ვუბრუნდებით. მათი ინტერესი არჩევნების ჩატარებაში არ მდგომარეობს, ამ შემთხვევაში, ეს პოლიტპატიმრების თემა იქნება წინ წამოწეული მიზეზი. ეგონათ, რომ ჩვენგან კომპრომისი არ იქნებოდა დაშვებული, მაგრამ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე კომპრომისი დავუშვით და რაიმე პერსპექტივა იმის, რომ რაიმე პოლიტიკური უპირატესობა მოიპოვონ, არ არსებობს. აქედან გამომდინარეობს ყველაფერი, რაც ღია წერილშია ჩამოყალიბებული”, – განაცხადა ვოლსკიმ.